ლუის ენრიკე: "სეზონის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგება იქნება"
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა - ლუის ენრიკემ, ახალი სეზონის წინ პარიზელთა უდიდეს ამბიციებზე ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, მისი გუნდის მიზანი ევროპული ფეხბურთის ისტორიის გადაწერა და მადრიდის რეალის ლეგენდარული მიღწევის გათანაბრებაა.
„ჩვენ შეგვიძლია გავუთანაბრდეთ მადრიდის რეალის შედეგს, თუ ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მესამედ მოვიგებთ. ამჟამად უნიკალური გამოწვევის წინაშე ვართ - რაღაც ისეთის, რაც ევროპული ფეხბურთის ისტორიაში თითქმის უპრეცედენტოა.
მადრიდის რეალის გარდა ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგა არავის მოუგია. ჩვენ შეგვიძლია მათ დავუტოლდეთ. არ მგონია, ევროპაში არსებობდეს თუნდაც ერთი გუნდი, რომელიც ჩვენზე მეტად იქნება მოტივირებული.“ - ლუის ენრიკე
პარიზულმა გრანდმა ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ევროპის მთავარი საკლუბო ტიტულის ზედიზედ ორჯერ მოპოვება უკვე შეძლო.
პირველი ტრიუმფი - ფინალში მილანის ინტერი შთამბეჭდავი ანგარიშით, 5:0 გაანადგურეს.
მეორე ტრიუმფი - 2025/2026 წლების სეზონის ფინალში ლონდონის არსენალთან მძიმე ბრძოლაში, ძირითადი დროის 1:1 დასრულების შემდეგ, პენალტების სერიაში მოიპოვეს გამარჯვება.
ახლა კი პარიზულ გრანდს შანსი აქვს გახდეს ისტორიაში მხოლოდ მეორე კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის თასს ზედიზედ მესამედ აღმართავს.