Belive

ლოკომოტივის სიხარული

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლოკომოტივმა" ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. თბილისურმა კლუბმა ეროვნული ლიგის საწყისი ორივე ტური მოიგო, 6 გოლი გაიტანა, მხოლოდ 2 მიიღო და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. მეორე ტურის შეხვედრა "რკინიგზელებმა" მიხეილ მესხის სახელობის არენაზე, საჩხერის "ჩიხურასთან" გამართეს, რომელიც თბილისში ნომინალური მასპინძლის სტატუსით თამაშობს. "ლოკომ", რომელმაც წინა ტურში ელიტაში დაბრუნებულ "სამტრედიას" 3:1 აჯობა, სამი ქულის მოსაპოვებლად თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყო. მიუხედავად აქტიურობისა, თბილისელთა კარში 30-ე წუთზე პენალტი დაინიშნა. 11-მეტრიანი ზუსტად ამ სეზონის პირველი გოლის ავტორმა, გიორგი კორიფაძემ შეასრულა - გამოცდილმა პენალტისტმა საყვარელი პოზიციიდან ზედიზედ მეორედ შეაგდო. ლევან კორღალიძის შეგირდებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს - ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში 36- წუთზე გაათანაბრა. მეორე ნახევარში "ლოკომ" უფრო მოუმატა. 53-ზე, 2017 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა მეტოქის საჯარიმოში აქტიური ქმედების შემდეგ მოპოვებული პენალტი ოსტატურად შეასრულა და სეზონში უკვე მეოთხე გოლი გაიტანა. სათამაში დროის დასრულებამდე 16 წუთით ადრე, კიდევ ერთი გოლი გავიდა, ამჯერად მაჩაიძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - საჩხერელთა მცველმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1, "ლოკომოტივის" სასარგებლოდ. 6 ქულის მომპოვებელი "ლოკო" მესამე ტურში "მერანს" უმასპინძლებს, ხოლო უქულოდ მყოფი "ჩიხურა" ქუთაისში, "ტორპედოს" ეწვევა.

სხვა სტატიები