იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ალჟირელი თავდამსხმელი ისლამ სლიმანი მალე საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდება.
დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში, 32 წლის თავდამსხმელი ლიონის "ოლიმპიკთან" კონტრაქტს გააფორმებს. ირკვევა, რომ ის უკვე "ლიონის" ბაზაზე იმყოფება და სამედიცინო შემოწმებას გადის.
სწორედ სლიმანი იქნება ის ფეხბურთელი, რომელიც ლიგა 1-ის ლიდერ გუნდში მუსა დემბელეს შეცვლის, ეს უკანასკნელი მალე მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელი გახდება და ამით თავის ამჟამინდელ გუნდს 35 მილიონ ევროს მოუტანს.
სლიმანის კონტრაქტი 2018 წლიდან "ლესტერის" კუთვნილებაა, თუმცა მან "მელიების" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა. ინგლისელებმა ის ჯერ, "ნიუკასლში", შემდეგ თურქულ "ფენერბახჩეში", შარშანდელ სეზონში კი "მონაკოში" გაანათხოვრეს, სადაც საკმაოდ ეფექტური გახლდათ და 19 მატშჩი 9 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
აფრიკელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მთავარ გუნდში მხოლოდ ერთხელ, პრემიერლიგაში, "ასტონ ვილას" წინააღმდეგ 19 წუთი ითამაშა, ორჯერ კი "ლესტერის" 23-წლამდელთა რიგებში პრემიერლიგა 2-ის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.