Belive

L'Équipe: "ოლისემ უპამეკანოს აცნობა, რომ რეალში თამაში სურს"

12 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მიუნხენის ბაიერნისა და საფრანგეთის ნაკრების შემტევი - მაიკლ ოლისე, პირად საუბრებში აღარ მალავს თავის სურვილს, რომ კარიერა მადრიდის რეალში გააგრძელოს. ფრანგმა ფეხბურთელმა პოტენციური ტრანსფერის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაც კი დაიწყო და ამ საკითხზე კონსულტაციებს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში თავის თანაგუნდელებთან გადის. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა "L'Équipe" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბაიერნისა და საფრანგეთის ნაკრების მცველი, დაიო უპამეკანო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე უმაღლეს დონეზე იასპარეზა, მოედანს მიღმაც აქტიურად არის ჩართული პროცესებში. ბოლო კვირების განმავლობაში, ბაიერნის მცველი ინტენსიურ „ლობირებას“ ეწევა, რათა მიუნხენურ კლუბში შეინარჩუნოს ოლისე, რომელიც ამ ზაფხულს მადრიდულ გრანდში გადასვლას მტკიცედ აპირებს.

უპამეკანო თანაგუნდელთან ხშირად ხუმრობს კიდეც, რომ იგი ოლისეს ბაიერნიდან არ გაუშვებს, თუმცა მისი მთავარი არგუმენტი მაინც ისაა, რომ ბაიერნში ტიტულების მოგება კვლავინდებურად მაღალი კონკურენციისა და საუკეთესო საფეხბურთო გარემოს პირობებშია შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ოლისეს გონება, როგორც ჩანს, უკვე მადრიდისკენაა მიმართული.

ახალგაზრდა გარემარბს ბაიერნთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად გუნდიც საკმაოდ აქტიურად ცდილობს 24 წლის ტალანტისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნას, რადგან მისი რომელიმე სხვა გუნდში გადასვლის პოტენციური შანსიც კი ავტომატურად გამოირიცხოს.

როგორც ცნობილია, "რეკორდმაისტერი" ოლისესთვის ხელფასის გაზრდას აპირებს. ჯერჯერობით, ზუსტი თანხა არ სახელდება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ფრანგმა შემტევმა, ახალი კონტრაქტის პირობებში, კლუბში სამ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეს შორის დაიკავოს ადგილი.

სხვა სტატიები