ლეო მესიმ ესპანეთში კიდევ ერთი გუნდი შეიძინა
ESPN-ის ცნობით, ლიონელ მესი საფეხბურთო კლუბების ქსელის გაფართოებაში კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ წინასწარ მიაღწია შეთანხმებას ესპანური კლუბის, ელდენსეს კონტროლის ქვეშ აყვანაზე, რომელიც ამჟამად ლა ლიგა 2-ში თამაშობს.
ამჟამად კლუბი კოლუმბიურ საინვესტიციო ჯგუფს, Grupo TH-ს ეკუთვნის, რომელსაც ასევე აქვს აქტივები კოლუმბიასა და შვეიცარიაში. ოფიციალურ სახემდე მიყვანამდე გარიგება საჭიროებს აუდიტსა და ესპანეთის ეროვნული სპორტული საბჭოს სავალდებულო დამტკიცებას.
თუ გარიგება შედგება, ელდენსე მესის მეორე ესპანური აქტივი იქნება. მიმდინარე წლის დასაწყისში არგენტინელმა იყიდა ნახევრადპროფესიონალური მეხუთე დივიზიონის კლუბი კორნელია, რომელიც ბარსელონას გარეუბანში მდებარეობს. მესი ასევე თანაფლობელია ურუგვაული კლუბის დეპორტივო ლესემის, თავის ხანგრძლივ მეგობართან და თანაგუნდელთან, ლუის სუარესთან ერთად.
ამჟამად ესპანეთში ორი კლუბის ფლობა რაიმე სამართლებრივ დაბრკოლებას არ ქმნის, რადგან ელდენსე და კორნელია სამი დივიზიონით არიან დაშორებულნი. თუმცა, ექსპერტების თქმით, ამან შესაძლოა შეზღუდოს მესის სამომავლო ამბიციები კორნელიასთან დაკავშირებით. ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაცია მკაცრად კრძალავს იმ გუნდების ერთსა და იმავე ლიგაში ასპარეზობას, რომლებსაც საერთო საკონტროლო პაკეტის მფლობელი ჰყავთ.
ელდენსე საუკუნოვანი ისტორიის მქონე კლუბია, რომელიც 1921 წელს დაარსდა. გუნდმა არსებობის უდიდესი ნაწილი ესპანური ფეხბურთის დაბალ ლიგებში გაატარა. 2023 წელს გუნდი 1964 წლის შემდეგ პირველად გავარდა მეორე დივიზიონში.
2025 წელს გავარდნის შემდეგ, გუნდი სეგუნდა დივიზიონში გასულ ზაფხულს დაბრუნდა. კლუბი ქალაქ ელდაში მდებარეობს. საშინაო მატჩები ტარდება მოკრძალებულ სტადიონ ესტადიო ნუევო პეპიკო ამატზე, რომელიც 5 776 მაყურებელს იტევს.
მესი და მისი წარმომადგენლები ელდენსეში რთულ პერიოდში მიდიან. გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო და პირველი ოთხი მატჩიდან ვერცერთში გაიმარჯვა. ამან კლუბის ხელმძღვანელობა აიძულა, მიმდინარე კვირის დასაწყისში მთავარი მწვრთნელი კლაუდიო ბარაგანი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა.