Belive

ლეო მესი კარიერის გაგრძელებასა და 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ალაპარაკდა

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, ლიონელ მესი, საფეხბურთო მოედნიდან წასვლას ჯერჯერობით არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბევრი გულშემატკივრისთვის მისი კარიერის ლოგიკურ კულმინაციად აღიქმება, არგენტინელი სუპერვარსკვლავი აცხადებს, რომ ბუცების ლურსმანზე დაკიდებას უახლოეს პერიოდში არ გეგმავს.

მისი თქმით, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი საკუთარი ფიზიკური კონდიციები და გუნდისთვის სარგებლის მოტანის მოტივაციაა.

„დიახ, დიახ... კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გავაგრძელებ თამაშს. სანამ ვიგრძნობ, რომ გუნდს სარგებელს ვანიჭებ, ფიზიკურად თავს კარგად ვიგრძნობ და თანაგუნდელებს დავეხმარები, მოედანზე ვიქნები." - აღნიშნა მესიმ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში

ეს განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ 39 წლის ფორვარდს საფეხბურთო ჟინი და თამაშისგან სიამოვნების მიღების სურვილი კვლავინდებურად მაღალ დონეზე აქვს შენარჩუნებული.

თუმცა, როდესაც საქმე უფრო გრძელვადიან პერსპექტივას და 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ეხება, არგენტინელი ჯადოქარი ფრთხილობს და შორეულ პროგნოზებს ერიდება. კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა მას კიდევ ოთხი წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე, ლეომ კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მიმდინარე მუნდიალზეა კონცენტრირებული.

„არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ამაზე ახლა საერთოდ არ ვფიქრობ. ეს ტურნირი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა... როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერს ეტაპობრივად მივყვები, დღევანდელი დღით ვცხოვრობ და ყურადღებას აწმყოზე ვამახვილებ,“ - ლეო მესი

ფეხბურთის ქომაგებისთვის მისი მოედანზე ყოველი გასვლა უკვე ისტორიაა, ხოლო ითამაშებს თუ არა ის 2030 წელს, ამას მხოლოდ დრო და მისი ფიზიკური მდგომარეობა გვიჩვენებს.

სხვა სტატიები