სტარტი აიღო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპმა ქალთა ფეხბურთში, სადაც საქართველოს წელს "ლანჩხუთი" წარმოადგენს.
ქვეყნის 2019 წლის ჩემპიონი პირველ რაუნდში ყაზახურ "ოკჟეტპესს" დაუპირისპირდა და მეტოქე 1:2 დაამარცხა.
შიმკენტში გამართული შეხვედრის მე-5 წუთზე ყაზახები დაწინაურდნენ, გოლი ბიბიგულ ნურუშევმა გაიტანა. "ლანჩხუთმა" ანგარიშის გათანაბრება 62-ე წუთზე, ხატია ჭყონიას გოლით მოახერხა, რის შემდეგაც მატჩი დამატებით დროში გადავიდა. 105-ე წუთზე ჭყონიამ "ოკჟეტპესის" კარში კიდევ ერთი, გამარჯვების ბურთი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგაზე თავის ისტორიაში პირველად ასპარეზობს.