ლამინე იამალი: "მინდა, რომ ოქროს ბურთი რაც შეიძლება მალე მოვიგო"
28 ოქტომბერს, ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში სხვადასხვა ფეხბურთელები დაჯილდოვდნენ.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ლამინე იამალი დასახელდა.
სოკრატესის სახელობის ჯილდო ჯენიფერ ერმოსოს გადაეცა.
საუკეთესო მეკარე ემილიანო მარტინესი გახდა.
გერდ მიულერის სახელობის პრიზი ჰარი კეინმა და კილიან მბაპემ მიიღეს.
წლის საუკეთესო გუნდი - რეალი.
წლის საუკეთესო ქალთა გუნდი - ბარსელონა.
წლის საუკეთესო მწვრთნელი - კარლო ანჩელოტი.
ქალებს შორის ოქროს ბურთის მფლობელი აიტანა ბონმატი გახდა.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელმა - ლამინე იამალმა, პრიზის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ოქროს ბურთი მალე მოიგოს.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გავხდი, თუმცა იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე შევძლებ ოქროს ბურთის მოგებას.
ოქროს ბურთის მოსაგებად ყველაფერს გავიღებ და მჯერა, რომ მომავალ 2-3 წელიწადში ეს პრიზი ჩემამდეც მოვა..." - ლამინე იამალი
ლამინე იამალის შესახებ ასევე ისაუბრა ოქროს ბურთის მფლობელმა - როდრიმაც და აღნიშნა, რომ იამალი ამ ტიტულს ძალიან მალე მოიგებს.
"დარწმუნებული ვარ, ლამინ იამალი ოქროს ბურთს მალე მოიგებს. ლამინ, გულმოდგინედ მუშაობა გააგრძელე და ამას მიაღწევ.
დღეს, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მითხრა, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებული გავხდებოდი, სწორედ ის იყო..." - როდრი
აღნიშნული ჯილდო, რომელიც წლის საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელს გადაეცემა, France Football-მა 2018 წელს შექმნა. ეს პრიზი რაიმონდ კოპას სახელობისაა - ფრანგი ფეხბურთელის, რომელმაც 1958 წელს ოქროს ბურთი მოიგო.
2018 წელს Kopa Trophy-ს პირველი მფლობელი კილიან მბაპე გახდა, 2019 წელს ის მატაის დე ლიხტმა მოიგო, 2021 წელს - პედრიმ, 2022 წელს - გავიმ, 2023 წელს კი - ჯუდ ბელინგემმა.