მსოფლიო ფეხბურთში ხანდახან კომიკური ანტი-რეკორდები მყარდება.
ერთ-ერთი ასეთი ანტი-რეკორდი კრისტიან ერიქსენმა დაამყარა. 28 წლის ფეხბურთელი გახდა პირველი, ვინც ზედიზედ წააგო ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის ფინალი. ასეთი რამ არასდროს, არცერთ სხვა ფეხბურთელს არ მოსვლია.
2018/2019 წლის სეზონში, ერიქსენი "ტოტენჰემის" შემადგენლობაში ასპარეზობდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულთან" 2:0 დამარცხდა.
2020 წლის დასაწყისში, ზამთარში, ერიქსენი "ინტერს" შეუერთდა და "ნერაძურისთან" ერთად ევროპის ლიგის ფინალში გასვლა მოახერხა.
ანტონიო კონტეს გუნდი "სევილიასთან" 3:2 დამარცხდა. კრისტიანი მინდორზე 78-ე წუთზე შევიდა და გუნდს ვერაფრით ვერ დაეხმარა.
მიმდინარე სეზონში, დანიელმა ფეხბურთელმა "ინტერის" მაისურით 26 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.