დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი, რომლის ინციდენტმაც 2021 წლის ივნისში მთელი მსოფლიო შეძრა, პროფესიონალურ ფეხბურთს ნელ-ნელა უბრუნდება და შესაძლოა იგი კვლავ ინგლისის პრემიერ ლიგაში აღმოჩნდეს.
ცოტა ხნის წინ, 29 წლის ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ევრო 2020-ის დროს მომხდარი მძიმე ფაქტის შესახებ ღიად ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად გულის გაჩერებისა, ახლა იგი თავს კარგად გრძნობს და მზადაა მოედანზე მალე დაბრუნდეს. ერიქსენმა ისიც აღნიშნა, რომ მისი სურვილია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღოს და დანიის ნაკრებს დაეხმაროს.
https://www.live.ge/fexburti/kristian-eriqseni-isev-dzvelebur-phormashi-var-msophlios-chempionatze-thamashi-minda/
ამის შემდეგ, ბრიტანულ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ შესაძლოა ერიქსენი ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს. არსებობს შანსი, რომ ფეხბურთელი იმ კლუბში აღმოჩნდეს, რომელშიც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. "ტოტენჰემს" მისი დაბრუნება სურს და ამ საქმის მთავარი მოსურნე გუნდის მწვრთნელი, ანტონიო კონტეა, რომელიც ერიქსენთან ერთად, მილანის "ინტერში" მუშაობდა.
"დეზების" გარდა, ერიქსენის დამატების სურვილი პრემიერ ლიგაში 2021 წლის სეზონში დაწინაურებული "ბრენტფორდსაც" აქვს. აღსანიშნავია, რომ ბრენტფორდმა 29 წლის ფეხბურთელს ექვსთვიანი კონტრაქტი შესთავაზა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პირობით.
ერიქსენმა დეკემბერში მილანის "ინტერთან" კონტრაქტი გაწყვიტა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტია.
პრემიერ ლიგაში კრისტიან ერიქსენს მხოლოდ "ტოტენჰემის" შემადგენლობაში უთამაშია და ამ გუნდის რიგებში ჩატარებულ 305 მატჩში 69 გოლი გაიტანა და 90 საგოლე გადაცემა გააკეთა, 2018 წელს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა, სადაც "ლივერპულთან" - 0:2 დამარცხდა.