კრიშტიანუ რონალდუმ მოწინააღმდეგეს მაისურის გაცვლაზე უარი უთხრა
კრიშტიანუ რონალდუმ დიდი კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელმა მის მოწინააღმდეგეს მაისურის გაცვლაზე უარი უთხრა.
როგორც უკვე იცით, "ალ ნასრი" საუდის არაბეთის სამეფო თასზე "ალ ვეჰდას" წინააღმდეგ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთადერთი გოლის ავტორმა ჟან-დევიდ ბიგალმა მაისურის გაცვლა კრიშტიანუ რონალდუს თხოვა რაზეც უარი მიიღო. ფრანგი ფეხბურთელი კრიშტიანუს საქციელით გაკვირვებული დარჩა და თანაგუნდელს ისიც გაუმხილა, რომ პორტუგალიელი ხელის ჩამორთმევისასაც საკმაოდ ცივი იყო.
"ცოტათი იმედგაცრუებული დავრჩი. მატჩის დასრულების შემდეგ მასთან მივედი და ვუთხარი, რომ მისი დიდი გულშემატკივარი ვიყავი. მისგან მხოლოდ ცივი გამოხედვა და უხასიათო ხელის ჩამორთმევა მივიღე. მესმის, რომ წაგების შემდეგ იმედგაცრუებული იყო, მაგრამ მისმა დამოკიდებულებამ გამაოცა." - განაცხადა ბიგალმა L equipe-სთან საუბრისას.
მიუხედავად არც ისე სასიამოვნო გამოცდილებისა, ფრანგი შემტევი იმედოვნებს, რომ რონალდუსთვის არაბეთში მოვლენები კარგად განვითარდება და წარმატებებს უსურვებს.