კრიშტიანუ რონალდუმ, 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯორჯინაზე იქორწინა
მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მრავალწლიანმა პარტნიორმა, მოდელმა და ინფლუენსერმა, ჯორჯინა როდრიგესმა, პორტუგალიაში სამოქალაქო ქორწინება გააფორმეს.
პორტუგალიელმა ფორვარდმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ორი ხელი ჩანს - თავისი და მეუღლის, ორივეს საქორწინო ბეჭედი ამშვენებს.
ადგილობრივი მედია მომხდარს უკვე „წლის ქორწილად“ მოიხსენიებს. პორტუგალიური პრესის ცნობით, წყვილმა ჯვარი 11 აგვისტოს, ლისაბონთან ახლოს, სანაპირო ქალაქ კასკაისში დაიწერა. ცერემონიას მათი ხუთივე შვილი ესწრებოდა.
გამოქვეყნებიდან სულ რაღაც 30 წუთში, ფოტომ სამ მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა.
წყვილის ურთიერთობა უკვე 10 წელს ითვლის. ისინი ერთმანეთს მადრიდში, Gucci-ს მაღაზიაში შეხვდნენ, სადაც ჯორჯინა კონსულტანტად მუშაობდა, რონალდუ კი რეალში ბრწყინავდა.
მათ ნიშნობის შესახებ გასული წლის 11 აგვისტოს განაცხადეს. მაშინ როდრიგესმა უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა და მშობლიურ ესპანურ ენაზე წერილი დაურთო: „დიახ! ამ ცხოვრებაშიც და ყველა დანარჩენშიც".
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კუნძულ მადეირაზე, ათასობით ადამიანი სხვის ქორწილში შეიკრიბა, რადგან ეგონათ, რომ რონალდუ ჯვარს სწორედ იმ დღეს იწერდა.