საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს "დინამო თბილისი" და "თელავი" უნდა დაუპირისპირდნენ, გადაიდო.
თბილისურ-კახური დუელი 20 მარტს, თელავში, "კავკასიონი არენაზე" უნდა გამართულიყო, მაგრამ მასპინძელი გუნდის შემადგენლობაში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამო, შეხვედრა 26 მარტისთვის გადაიდო.
"თელავი" მადლობას უხდის თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გულისხმიერებისთვის და გაგებისთვის, რადგან უეფას დებულებით, ნებისმიერი ვითარების მიუხედავად, თუ გუნდი მინიმუმ 11 მოთამაშეს აგროვებს, მატჩი ყოველ მიზეზს გარეშე უნდა ჩატარდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოწინააღმდეგე გუნდი თანახმაა თამაშის გადადებაზე ან მოგვიანებით გამართვაზე.ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაცია ერთპიროვნულად ვერ გადადებდა თამაშს, მათ მეტოქე კლუბთან გვიშუამდგომლეს, მატჩის გადადების და მოგვიანებით გამართვის თაობაზე გადაწყვეტილება კი "დინამოს" ხელმძღვანელობამ მიიღო", - წერს "თელავის" პრესსამსახური.
"თელავის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, მატჩის გადადების მიზეზი მათ გუნდში არსებული ეპიდემიოლიგიური ვითარებაა. ჩვენი ინფორმაციით, "თელავის" 10-ზე მეტ წარმომადგენელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.
ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 4 ტურის შეხვედრების შემდეგ, მოქმედ ჩემპიონს 7 ქულა აქვს და თანაქალაქელ "ლოკომოტივთან" ერთად, მესამე პოზიციას იკავებს, რაც შეეხება ეროვნული ლიგის წინა სეზონის დებიუტანტ გუნდს, ისინი 5 ქულით მეექვსე საფეხურზე არიან.