Belive

"კომბინაციური თამაში ვითამაშეთ და ძალიან ლამაზი გოლები გავიტანეთ" - რამაზ სვანაძე

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვის ახალგაზრდული გუნდი "ბათუმი არენაზე" დაამარცხა. ჩვენმა ნაკრებმა 3:0 გაიმარჯვა. პირველი გოლი მე-14 წუთზე გიზი მამაგეიშვილმა გაიტანა, უპირატესობა ორამდე 49-ე წუთზე გიორგი კვერნაძემ გაზარდა, საბოლოო ანგარიში გიორგი აბუაშვილმა 72 წუთზე დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და გოლის ავტორმა, გიორგი აბუაშვილმა კომენტარი გააკეთეს:

მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. პირველ რიგში ის მახარებს, რომ 3 ქულა ავიღეთ. ამას ემატება ისიც, რომ მთელ რიგ ეპიზოდებში და თითქმის თამაშის უმრავლესი ნაწილი შეტევებში გავატარეთ, პლიუს ამას ემატებოდა ისიც, რომ ძალიან ლამაზი გოლები გავიტანეთ, კომბინაციური თამაში ვითამაშეთ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მახარებს.

რაც შეეხება მეორე თამაშს ნიდერლანდებში, ვიცით ვისაც ვეთამაშებით, რთული თამაში გველოდება, მაგრამ უკვე მქონდა ბიჭებთან საუბარი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მზად ვართ ამ ყველაფრისთვის და ვფიქრობ შანსები გვექნება, ამიტომ ვეცდებით ეს შანსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან კარგი შანსი გვაქ შემდეგ ეტაპზე გასვლის. ყველაზე მთავარი ჩვენთვის კი არის ის, რომ შესარჩევის ბოლომდე ბრძოლაში ვყოფილიყავით, ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულდება და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ეს გააკეთა, მაგრამ ეს გუშინდელი დღე იყო და ჩვენ ყოველთვის წინ ვიყურებით და ნიდერლანდების თამაშს იმედით ვუყურებთ.

მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის, მათ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს, მე ეს არაერთხელ აღმინიშნავს და ეს უფრო მეტად მნიშვნელოვანია იმ ფეხბურთელებისთვის ვინც პირველ ნაბიჯებს პროფესიონალურ ფეხბურთში დღეს დგამს და წნეხის ქვეშ თამაშს ეჩვევიან. - რამაზ სვანაძე - 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
საქართველო 3:0 მოლდოვა
ვულოცავ გუნდს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას, ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ ძალიან კარგ გუნდთან. ორმაგად სასიხარულოა ის, რომ გუნდმა ძალიან მაღალი ხარისხი აჩვენა, ეს კი დიდი მუშაობის და შრომის შედეგია.

ნაკრებში პირველი ოფიციალური გოლი გავიტანე და ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ჩემთვის ორმაგი მოტივაციაა იმისთვის, რომ უფრო მეტი გავაკეთო.

რაც შეეხება შემდეგ თამაშს, 4 დღეში გვაქ განმეორებითი მატჩი ნიდერლანდებთან, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში დაგვრჩა, მოლდოვასთან ჩატარებული შეხვედრა უკვე წარსულია და ნიდერლანდებთანაც მოსაგებად გავალთ.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რადგან ისინი 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან და მათ უფრო მეტს და მეტს ვპირდებით, რომ მათი გულები გავახაროთ. - გიორგი აბუაშვილი 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი

7 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი ნიდერლანდების ნაკრებია 24 ქულით, რომელთაც 8 მატჩი აქვთ ჩატარებული. ჩვენი გუნდის შემდეგ მოდის შვედეთი, რომელსაც 10 ქულა აქვს და რიგით მე-7 შეხვედრას ხვალ, გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა 9 სექტემბერს 22:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები