Belive

კილიან მბაპე: "ჩემპიონობა და კარგი ევრო მინდოდა - ვერაფერი გავაკეთე"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევრო 2024-ის ნახევარფინალში, ესპანეთის ნაკრებმა საფრანგეთი (2:1) დაამარცხა და ფინალში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებმა კარგად დაიწყეს და წინაც გავიდნენ, 4-წუთიან მონაკვეთში იამალისა და ოლმოს გოლებით ესპანეთმა შეხვედრა პირველივე ტაიმში შემოატრიალა, მეორეში კი პრაგმატული გადაწყვეტილებებით საქმე ბოლომდე მიიყვანა.

მთელი ტურნირის განმავლობაში, საფრანგეთი ვერ აჩვენებდა მაღალი დონის ფეხბურთს. მართალია მათთვის გოლის გატანა ძალიან რთული იყო, თუმცა თავად საფრანგეთსაც უჭირდა გოლების გატანა. ეს არ ჰგავდა იმ საფრანგეთს, რომელმაც მუნდიალზე 16 გოლი გაიტანა, აქედან 8 კი კილიან მბაპეს ანგარიშზე იყო. შესაბამისად, არც მბაპე იყო ჩვეულ ფორმაში, გუნდის 4 გოლიდან მან მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი და ისიც პენალტით.

ჩვენ არ გავაკეთეთ საკმარისი იმისათვის, რომ ფინალში გავსულიყავით. მათ (ესპანეთმა) ჩვენზე უკეთ ითამაშეს, ფინალში გასვლა დაიმსახურეს და ჩვენ ახლა სახლში მივდივართ.

მე მქონდა ამბიცია გავმხდარიყავი ევროპის ჩემპიონი. მქონდა მიზანი კარგი ევრო ჩამეტარებინა. ვერცერთი ვერ გამომივიდა - ეს იმედგაცრუებაა.

ბოლოს მქონდა შანსი, მცველი ჩამოვიცილე და დავარტყი. იმ მომენტში უნდა გამეტა ან როგორც მინიმუმ, კარში მაინც უნდა მომერტყა ბურთი. ეს არის ფეხბურთის მკაცრი რეალობა, 2:1 წავაგეთ და ტურნირს დავემშვიდობეთ - განაცხადა კილიან მბაპემ

საფრანგეთი ნახევარფინალამდე ისე მივიდა, რომ თამაშიდან გოლი არ ჰქონდა გატანილი. მათ ეს მხოლოდ გუშინ მოახერხეს, როცა მბაპეს იდეალური ჩაწოდება კოლო მუანმა გამოიყენა. ესპანეთის მეტოქე დღეს გამოვლინდება, მეორე ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული ინგლისსა და ნიდერლანდებს შორის გაირკვევა.

სხვა სტატიები