"ხვიჩას კარგად ვიცნობ, რადგან ნაპოლიში თამაშისას რამდენჯერმე შევხვდით" - ლაუტარო მარტინესი
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2025 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მილანის ინტერი პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება, მატჩი ხვალ, 31 მაისს 23:00 საათზე გაიმართება.
მატჩამდე 1 დღით ადრე ინტერის მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ და ფეხბურთელებმა, ლაუტარო მარტინესმა და ნიკოლო ბარელამ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ეს შესანიშნავი შეგრძნებაა, რადგან ფინალში თამაში ნებისმიერი მოთამაშის ან მწვრთნელის ოცნებაა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ორი წლის შემდეგ ისევ აქ ვიყოთ და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ორი წლის წინანდელი ფინალი უპირველეს ყოვლისა მომზადებაში დაგვეხმარება და გამოცდილებას შეგვძენს.
სრული შემადგენლობით ვივარჯიშეთ, როდესაც საქმე ასეთი ტიპის თამაშს ეხება, ნებისმიერი მომენტი შეიძლება გადამწყვეტი იყოს.
ის გზა, რომელიც გავიარეთ ჩვენ თავჯარებულობას გვმატებს, აქ ვეთამაშეთ ბაიერნს და ტურნირიდან გამოვთიშეთ, ამ ეტაპის დაძლევამ დიდი ძალა მოგვცა და ნახევარფინალში ბარსელონაც დავამარცხეთ. ჩვენ ასევე ვეთამაშეთ ისეთ გუნდებს, როგორიცაა არსენალი, მანჩესტერ სიტი, ლაიფციგი და ლევერკუზენი, ამიტომ ტურნირზე ჩვენი ძალა ვაჩვენეთ.
ვფიქრობ, რომ ჩვენ აქ ყოფნას ვიმსახურებთ. ჯერჯერობით არ გადამიწყვიტავს თუ როგორი შემადგენლობით ვითამაშებთ. ვამაყობ ჩემი გუნდით, ეს ბრწყინვალე კლუბი და ფეხბურთელები არიან.
ვიცით, რომ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ძლიერი მხარეები და მათ გამოყენებას ვეცდებით. პსჟ დამსახურებული ფინალისტია, ლუის ენრიკეს დიდ პატივს ვცემ. - სიმონე ინძაგი - ინტერის მთავარი მწვრთნელი
ლაუტარო მარტინესი პრესკონფერენციაზე:
ჩვენ იდეალური თამაში გვჭირდება. კაპიტნობა უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ყველა მატჩი ჩვენთვის ფინალის მსგავსი უნდა იყოს. მხოლოდ ერთ გუნდს შეუძლია თასის მოგება, ამისთვის კი აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ფინალზე მხოლოდ პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ.
ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვან თამაშებში ბევრი გოლი გავიტანე და მიხარია, რომ სამ წელიწადში მეორე ფინალში ვთამაშობ, რაც აქ ყველას შრომისმოყვარეობის, თავგანწირვისა და თავმდაბლობის დამსახურებაა.
ხვიჩა კვარაცხელია? მას კარგად ვიცნობ, რადგან ნაპოლიში თამაშისას რამდენჯერმე შევხვდით. ის ძლიერი და უმაღლესი დონის ფეხბურთელია. უყვარს ერთი-ერთზე თამაში და სივრცეებს კარგად ითვისებს, ის სახიფათო ფეხბურთელია. ყურადღებით უნდა ვიყოთ როგორც მის, ისე სხვა ფეხბურთელების წინააღმდეგ, რადგან პსჟ-ს ბევრი ასეთი მოთამაშე ჰყავს. - ლაუტარო მარტინესი - ინტერის ფეხბურთელი
ნიკოლო ბარელა პრესკონფერენციაზე:
ფრატესის გოლი შესანიშნავი მოგონებაა და ბარსელონასთან ინტერმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ახლა კიდევ გვჭირდება მოგება, აქამდე ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი ჩავატარეთ და მსოფლიოს საუკეთესო გუნდები დავამარცხეთ.
უნდა დავიმახსოვროთ, რომ მატჩის სადავეები ხელიდან არ უნდა გაგვექცეს, სტაბილურობა შევინარჩუნოთ და როდესაც შანსი გვექნება გოლები გავიტანოთ.
ამ სეზონში უკეთესი შედეგების დაფიქსირება შეგვეძლო, მაგრამ ეს ფეხბურთია, დაცემისთანავე ფეხზე უნდა წამოდგე, ბოლო წლებში ყოველთვის ასე ვაკეთებდით. ახლა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გავმართავთ, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე.
ვეცდებით მიმდინარე სეზონში თასის გარეშე არ დავრჩეთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თასი სახლში ჩავიტანოთ. ბევრ ჩვენგანს ფინალის გამოცდილება აქვს, ამიტომ ყველაფერს გავიღებთ ამ თამაშისთვის. - ნიკოლო ბარელა - ინტერის ფეხბურთელი