Belive

კასპერ შმეიხელის დედა: "ეს არაადამიანური იყო, თამაში არ უნდა განახლებულიყო" 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დანიის ნაკრების მეკარის, კასპერ შმეიხელის დედამ, ბენტე შმეიხელმა კრისტიან ერიქსენის ინციდენტის დროს საკუთარი და ფეხბურთელების სხვა ნათესავების მდგომარეობა გაიხსენა და უეფა დანიისა და ფინეთის ნაკრებებს შორის თამაშის განახლების გამო გააკრიტიკა. "როდესაც ეს ეპიზოდი მოხდა, მე ლოჟაში ვიჯექი ფეხბურთელების სხვა ნათესავებთან ერთად. ყველანი შოკირებულები ვიყავით, სანამ სასიხარულო ცნობა მოვიდა, რომ ის სუნთქავდა. ვისხედით და ყველანი ერთ რამეზე ვფიქრობდით, რომ ეს შეიძლება ჩვენი შვილი ყოფილიყო. მე დავინახე, როგორ ცდილობდა კასპერი თანაგუნდელებზე ზრუნვას იმ მომენტში, არც წარმომიდგენია, რომ სხვაგვარად მოიქცეოდა, თუ გავითვალისწინებდი ყოველდღიურ ცხოვრებაში მის ქცევას. ვღელავდი, უვლიდა თუ არა მას ვინმე. ეჭვგარეშეა, რომ ის იმ წუთსაც ძალიან შოკირებული იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნდნენ. ეს არაადამიანური ქმედება იყო და ეს არ უნდა მომხდარიყო", - თქვა ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი "ლესტერის" გოლკიპერის, კასპერ შმეიხეილის დედამ და პიტერ შმეიხელის მეუღლემ.
კასპერ შმეიხელი ერთ-ერთი პირველი გახლდათ, რომელმაც კრისტიან ერიქსენს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. თამაშის გაგრძელების რეალურ ისტორიას გუნდის მეკარის კასპერ შმეიხეილის მამა, პიტერ შმეიხეილც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ უეფას წარმომადგენლებმა დანიის ნაკრებს ავტომატური წაგების – 0:3 დაფიქსირებას შესთავაზეს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოედანზე არ გავიდოდნენ და თამაშს არ გააგრძელებდნენ. მატჩის გაგრძელების გადაწყვეტილება დანიელთა და "ბარსელონას" თავდამსხმელმა, მარტინ ბრაითვეითმაც გააკრიტიკა. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში დანია – ფინეთი, 42-ე წუთზე კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა. ამჟამად არსებული ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა გულის შეტევა მიიღო. ამ მომენტისთვის, ერიქსენის მდგომარეობა სტაბილურია და ის თავს კარგად გრძნობს, თუმცა უცნობია შეძლებს თუ არა იგი საფეხბურთო მოედანზე დაბრუნებას.

სხვა სტატიები