კარგი ამბები ლაზარეთიდან - ლევანდოვსკი და ბალდე ინტერისთვის მზად იქნებიან
გადატვირთულმა საფეხბურთო გრაფიკმა დიდი ზიანი მიაყენა "ბარსელონასაც". სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე კატალონიური კლუბი მნიშვნელოვან ფეხბურთელებს კარგავს - თანაც მაშინ, როდესაც წინ გადამწყვეტი 'ელ კლასიკო' და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური მატჩია სათამაშო.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" 4 ფეხბურთელი - ალეხანდრო ბალდე, რობეტ ლევანდოვსკი, ჟიულ კუნდე და მარკ კასადო აკლია.
ესპანურ მედიაში გავრცელებული ბოლო ცნობების მიხედვით, მარცხენა მცველი - ალეხანდრო ბალდე თითქმის სრულად გამოჯანმრთელდა და მოსალოდნელია, რომ "ინტერთან" განმეორებითი თამაშისთვის ის მზად იქნება.
რაც შეეხება რობერტ ლევანდოვსკის - პოლონელი ბომბარდირი მკურნალობის ბოლო ეტაპზეა. 'Mundo Deportivo'-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ მილანში გასამართი განმეორებითი შეხვედრისთვის ლევანდოვსკიც მზად იქნება და კლუბის დახმარებას შეძლებს.
მარკ კასადომაც დღეს გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ფეხბურთელი "ინტერთან" თამაშისთვის დაბრუნებას.
"ინტერისა" და "ბარსელონას" შორის საპასუხო შეხვედრა მომავალ სამშაბათს, 6 მაისს, მილანში გაიმართება, სადაც ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.