Belive

კარამოკო დემბელემ კონტრაქტი ბრესტთან გააფორმა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის 18-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა, კარამოკო დემბელემ, მედიის ყურადღება ჯერ კიდევ 2016 წელს მიიპყრო, როცა 13 წლის ასაკში ,,სელტიკის'' 20-წლამდელთა შემადგენლობაში ითამაშა. მაშინ პატარა ვუნდერკინდი სიმაღლისა და დრიბლინგის უნარის გამო, ლეო მესისაც შეადარეს.



რამდენიმე წლის შემდეგ, 2018-2019 წლების სეზონში, დემბელეს დებიუტი ,,სელტიკის'' ძირითად გუნდშიც შედგა - 16 წლის ფეხბურთელმა ,,ჰართსის'' წინააღმდეგ ითამაშა და იმავე სეზონში შოტლანდიის ჩემპიონიც გახდა. 2019 წელს ფრანგულმა გამოცემამ, L'Equpe-მა, კარამოკო ექვს გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა. თუმცა, გაცემული ავანსების მიუხედავად, მისი კარიერა ისე არ განვითარდა, როგორც ამას ელოდნენ - დემბელემ ტერფის ტრავმის გამო, ,,სელტიკის'' შემადგენლობაში, ბოლო სამ სეზონში, სულ 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. წარუმატებელი სეზონების შემდეგ, 19 წლის შემტევმა შოტლანდიური კლუბი დატოვა და რამდენიმე დღის წინ, ხელშეკრულება ,,ბრესტთან'' გააფორმა:
,,ბრესტში იმიტომ გადმოვედი, რომ გრეგ ლორენცის (ბრესტის სპორტული დირექტორი) მიერ წარმოდგენილი პროექტით მოვიხიბლე. ეს ის არის, რაც მაწყობს და ვფიქრობ, აქ სათამაშო დრო მომეცემა. ამ შესაძლებლობამ ძალიან დამაინტერესა. ფეთქებადი ვარ, მიყვარს გართობა, გულშემატკივრების გახარება, გოლების გატანა და მოგება,'' - განაცხადა დემბელემ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
კარამოკო დემბელემ ,,ბრესტთან'', რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ სეზონში მე-11 ადგილი დაიკავა, 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ახალ გუნდში 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

სხვა სტატიები