ჯუდ ბელინგემი: "დიდი შანსია, რომ Golden Boy 2024 ჩემი ძმა გახდეს..."
"Tuttosport"-მა 2023 წლის "Golden Boy"-ს გამარჯვებულად - ჯუდ ბელინგემი დაასახელა. მადრიდის "რეალის" ინგლისელმა ნახევარმცველმა გამოკითხვაში უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა, გუშინ 4 დეკემბერს კი მას ეს ჯილდო ოფიციალურად გადაეცა.
საგულისხმოა, რომ ბელინგემი რეალის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც Golden Boy-ს პრესტიჟული ჯილდო მოიგო.
დაჯილდოების შემდეგ, ჯუდ ბელინგემს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მისი აზრით, ვინ გახდებოდა 2024 წლის "Golden Boy"-ს ტიტულის გამარჯვებული, რაზეც მან საინტერესო პასუხი გასცა.
"ფეხბურთი რადიკალურად შეიცვალა. აქამდე არასდროს არ მახსოვს მსგავსი ფაქტი ხდებოდეს, დღეს თითქმის ყველა გუნდში 16-17 წლის ბავშვები თამაშობენ და თაობათა ცვლა აშკარად გრძელდება, რაც ძალიან კარგია და ფეხბურთს კიდევ უფრო დიდ სიცოცხლეს შემატებს.
რომ არ მოგატყუოთ არ ვიცი, ვინ გახდება შემდეგ წელს ამ ჯილდოს მფლობელი, თუმცა გეტყვით, რომ ერთ-ერთი კანდიდატი ჩემი ძმა -ჯობი იქნება, რომელსაც "სანდერლენდთან" ერთად მშვენიერი სეზონი აქვს და დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ ლიგაში დაბრუნდებიან.
თუ ჯობი ასე თამაშს განაგრძობს, დიდი შანსია, რომ იგი 2024 წლის Golden Boy-ს გამარჯვებული გახდეს..." - ჯუდ ბელინგემი
ჯობ ბელინგემი 18 წლის ფორვარდია, რომელიც "სანდერლენდისა" და ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში თამაშობს.
ჯობი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბირმნიგემიდან" "სანდერლენდში" გადავიდა და ჩემპიონშიფში უკვე 19 მატჩი ჩაატარა, სადაც მის ანგარიშზე 3 გატანილი გოლი და 1 შესრულებული საგოლე გადაცემაა.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მადრიდის "რეალმა" ჯუდ ბელინგემის ძმის , 18 წლის ჯობ ბელინგემის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო და დიდია შანსი, რომ მომავალი სეზონიდან (თუ მისი კლუბი პრემიერ ლიგაში ვერ გადავა) "სამეფო კლუბში" ძმები ბელინგემების დუეტი ვიხილოთ.