იუვენტუსის ფეხბურთელებს სასჯელი ემუქრებათ
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ტურინის ,,იუვენტუსის’’ წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმეს იძიებს. ამჯერად საუბარი 16-მდე ფეხბურთელზეა, რომლებიც ეჭვმიტანილნი ხელფასებთან დაკავშირებით არსებულ მაქინაციებში არიან. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 2020-2021 წლებში რამდენიმე მოთამაშე ხელფასების გადავადებას დათანხმდა და კერძო ხელშეკრულება გააფორმა. ეს კი კანონის დარღვევაა, რაც ,,იუვენტუსს’’, შესაძლოა, იმაზე სამჯერ უფრო ძვირი დაუჯდეს, ვიდრე ის ხარჯებია, რომლის დაზოგვასაც ცდილობდა.
სპორტული მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, პირს, რომელიც გუნდთან აფორმებს კონტრაქტს ან იღებს კომპენსაციას რეგულაციების დარღვევით, 1-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ასეთ დოკუმენტს კი ხელი კლუბის არაერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა, მათ შორის - პაულო დიბალამ, ადრიენ რაბიომ, ვოიცეხ შჩესნიმ, ლეონარდო ბონუჩიმ, ხუან კუადრადომ, არტურმა, ფედერიკო ბერნარდესკიმ და უესტონ მაკკენიმ მოაწერეს.
გასულ პარასკევს იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს” ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ქულების დაკლების გამო, ტურინული გუნდი 22 ქულით სერია A-ს მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა. ,,ბებერ ქალბატონებს” აღნიშნული გადაწყვეტილების გაპროტესტების უფლება აქვთ.
16 current and former Juventus players are at risk of bans by FIGC due to their indirect involvement in the salary maneuvering case, report La Repubblica. https://t.co/DElWCYWfXy
— Get Italian Football News (@_GIFN) January 25, 2023