Belive

იტალიური მედია: "კვარაცხელია კრუიფს ჰგავს - ნიდერლანდელი ტაშს დაუკრავდა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბარს არ წყვეტს და ამჯერად მისი შესანიშნავი თვისებები ტურინული გამოცემა La Stampa-ს ყურადღების ქვეშ მოექცა.

"კვარაცხელიას სხვადასხვა ფეხბურთელებს ადარებენ: კაკას, რობერტო ბაჯოს და ჯიჯი მერონის, რომელიც მეტნაკლებად ქართველს ფიზიკურად ჰგავდა. ასევე არის პარალელების გავლება იმ ჩემპიონთან, რომელმაც "ნაპოლის" და ნეაპოლს ჩემპიონობა მოაგებინა და რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, მაინც შეუძლებელია ამ სიტყვების თამაშისთვის გვერდის ავლა (კვარადონა).

მთავარია, რომ ეს შედარებები გადაჭარბებული არ იყოს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია ყველა იმ თვისებითაა აღჭურვილი, რომელიც ჩემპიონისთვის დამახასიათებელია.

"სასუოლოსთან" მატჩი კვარადონას და მისი მეგობრის, ვიქტორ ოსიმენის მორიგ მაგიურ საღამოს დაემსგავსა, რომელშიც ქართველმა თავისი თამაშით ჩემში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი, იოჰან კრუიფი გააღვიძა.

კვარამ ნახევარდაცვიდან დაიწყო და ყველაფერი ხელოვანის დარტყმით დაასრულა, ისე, როგორც ამას ნიდერლანდელი აკეთებდა. როცა დარტყმის დრო მოვიდა, მან თითქოს შორეული კუთხისკენ დასარტყმელად მოამზადა ფეხი, თუმცა ახლო კუთხეში გაუშვა, მეკარე არც კი განძრეულა. ისე, როგორც ამას იოჰანი აკეთებდა. ახლა ის მას ტაშს დაუკრავდა", - წერს ტურინული გამოცემა.

2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში, 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა 12 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

შემდეგი შეხვედრა “ნაპოლის” უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ფრანკფურტი “აინტრახტის” წინააღმდეგ სტუმრად, გერმანიაში, 22 თებერვალს ელის. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები