იტალიელების წასვლის შემდეგ: ქუთაისის ტორპედოს ახალი ინვესტორი გამოუჩნდა
3 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
კომპანია, რომელიც ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტიციის ჩადებითაა დაინტერესებული, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" გახლავთ, რომლის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, აიეტ კუკავაც შემდეგ კომენტარს ავრცელებს: "ჩვენ უკვე ნახევარ წელზე მეტია ქუთაისის „ტორპედოს“ ირგვლივ ინფორმაციების მოძიების, თემის შესწავლის და ანალიზის პროცესში ვართ. ამ დროის განმავლობაში საფუძვლიანად შევისწავლეთ ეს საკითხი, მოვამზადეთ კონცეფცია და ბიზნესგეგმა, რომელიც წარვუდგინეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მათი მხრიდან ამ თემის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა და ამ ინტერესის სერიოზულობაში რომ დაგარწმუნოთ, საკმარისია ითქვას, რომ სადეპოზიტო ანგარიშზე საგარანტიო თანხად 7 მილიონი დოლარიც კი დაგვიდეს. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან კლუბის მმართველობაში ჩვენი შესვლის თაობაზე. პირველ რიგში, შევხვდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომელსაც გავაცანით ჩვენი გეგმები. შეხვედრამ ძალზე კეთილგანწყობილ ვითარებაში ჩაიარა და ბატონმა ლევანმა ყოველგვარი დახმარების პირობა მოგვცა. ამას გარდა, უკვე დავუფიქსირეთ ჩვენი ინტერესი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს. ორივე ამ უწყებაში პირველი პირების დონეზე არიან ინფორმირებულები. გვქონდა შეხვედრები რეგიონის ხელმძღვანელობასთანაც, რომლებიც ასევე მიესალმნენ ჩვენს ინიციატივას. მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენი სტრატეგიაა, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ კლუბის მართვაში, რათა ეტაპობრივად გადავწყვიტოთ ყველა პრობლემა და დავიწყოთ სწრაფი განვითარება. ჩვენი მიზანია, გავისტუმროთ ყველა დავალიანება და ამ სეზონშივე, სექტემბრამდე მოვიყვანოთ ისეთი ფეხბურთელები, რომელთა დახმარებითაც „ტორპედო“ იბრძოლებს ევროზონის ადგილისათვის. მესმის, რომ ვიღაცას ეს შეიძლება ძალზე ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს, რადგან ამ ეტაპზე გუნდი გასავარდნ ზონასთან ახლოსაა და ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, მაგრამ წინ კიდევ ნახევარი სეზონია და ჩვენ სიტყვებს ჰაერში ნამდვილად არ ვისვრით. პირველ ეტაპზე ჩვენი ინვესტიციების მოცულობა 2 ათეულ მილიონ დოლარამდე იქნება და ქართულ საფეხბურთო რეალობაში ამ ფინანსებით რისი გაკეთებაცაა შესაძლებელი, ამას ყველას დავანახვებთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა - 5 წლიან პერსპექტივაში გავიყვანოთ ქუთაისის „ტორპედო“ აღმოსავლეთ ევროპის „ტოპ10-ში და ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ამ სიტყვებზე. მთავრობისგან მხოლოდ ერთ დახმარებას ვითხოვთ - დროზე გადმოგვცენ კლუბი და დანარჩენს ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ!".ქუთაისის "ტორპედო" ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 21 ტურის შემდეგ და ზაფხულის ერთთვიანი შესვენების წინ, 19 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს და გასავარდნი ზონის სიახლოვეს იმყოფება.