ის, რაც მოედნის მიღმა იმალება | დეიან კულუშევსკის ისტორია
ლონდონის "ტოტენჰემისა" და შვედეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა, დეიან კულუშევსკიმ, The Players Tribune-ზე წერილი გამოაქვეყნა. წერილში წაიკითხავთ, რომელი მომენტები იყო გარდამტეხი მის კარიერაში, გაიგებთ, როგორ განიმარტება მისთვის გამარჯვება და რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შვედი ფეხბურთელი ინდივიდუალიზმს, თავისუფლებასა და პირად პასუხისმგებლობას.
"ტოტენჰემის" ქომაგებო,
ზოგიერთი ინგლისელისთვის, ალბათ ისევ იტალიიდან ჩამოსული შვედი ბიჭი ვარ, რომელსაც სასაცილო სახელი აქვს.
თუმცა კლუბში უკვე 2 წელიწადზე მეტი გავატარე და ამ პერიოდში დაგროვებული ისტორიების თქვენთან გაზიარება მინდა. მათი ნაწილი სიგიჟეა, ნაწილი - ცხოვრებისეული გაკვეთილები, რომლებმაც შეიძლება 1-2 ბავშვზე დადებითი გავლენა იქონიოს. როდესაც უკან ვიხედები, მეცინება. როდესაც აქ ჩამოვედი, ჩემგან ბევრს არავინ ითხოვდა.
სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცოდი, ჩემივე თავისგან რას ველოდებოდი.
როგორც ფეხბურთელი, რთულ ეტაპზე ვიმყოფებოდი.
6 თვის განმავლობაში, "იუვენტუსში" ძირითად შემადგენლობაში თითქმის არ მითამაშია. ასეთ დროს, თავს საშინლად გრძნობ, რადგან ცხოვრებაში ყველაფერი იმისთვის გადადე, რომ ფეხბურთი გეთამაშა. თავდაუზოგავად ვარჯიშობდი, თუმცა ხედავ, თუ როგორ თამაშობენ შენს ნაცვლად ფეხბურთელები, რომლებიც ვინგერებიც კი არ არიან. გულწრფელად გეტყვით, თავს უვარგისად ვგრძნობდი. დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ საკმარისად კარგი არ ვიყავი, რომ ნელა დავრბოდი. ეს შენზე მოქმედებს და სრულიად ადამიანური პროცესია. როდესაც მათ დაჯერებას იწყებ, სწორედ მაშინ იმარჯვებს ეშმაკი.
მათი ხმები უნდა დამეხშო. ერთადერთი კრიტიკოსი, რომლის სიტყვასაც პატივს ვცემ, ჩემი უფროსი და, სანდრაა. ის დაუნდობელია. მაშინაც კი, როდესაც გოლი გამაქვს, მეუბნება: "წააგე, შენში ჟინი არ იგრძნობა, კომფორტის ზონაში ხარ მოქცეული".
ასეთ დროს, მინდა, ავფეთქდე. ვპასუხობ: "შენ პატივს არ მცემ, არც კი იცი, რომ ამ მატჩში მთელი გული ჩავდე".
თუმცა სანდრა სიმართლეს ამბობს. ბავშვობიდან ჩემს ფეხბურთს უყურებს და როდესაც რაიმე მაწუხებს, მაშინვე გრძნობს. როდესაც "იუვეში" პრობლემები მქონდა, მკითხა: "დეკი, როდის გახდი ასეთი სუსტი"?
ვიცოდი, რომ თავი უნდა დამეღწია.
ერთ დღეს, ჩემს აგენტს, ალეს ვკითხე: "შეგიძლია ახალი გუნდი მომიძებნო"?
მიპასუხა, რომ ეს რთული იქნებოდა. 2022 წლის იანვარი იდგა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩებოდა და ცოტა დრო გვქონდა. თუმცა მალევე გადმომირეკა და მითხრა, რომ ჩემით "ტოტენჰემი" იყო დაინტერესებული.
ვუპასუხე: "მივდივართ, როდისაა შემდეგი ფრენა"?
მითხრა, რომ სულ 1 საათი მქონდა. სასწრაფოდ ჩალაგება დავიწყე. ჩემს მეგობარ გოგოსთან, ელდინასთან ერთად ვიყავი. უეცრად ავტირდი და მანაც ტირილი დაიწყო. ვერც ვხვდებოდით, რატომ. ერთდროულად ძალიან ბევრი რამ ხდებოდა. ერთმანეთს ვაკოცეთ, ცოტა კიდევ ვიტირეთ და აეროპორტისკენ გავეშურე. ამ ფრენას ვერ გამოვტოვებდი.
"ტოტენჰემში" ჩასვლიდან რამდენიმე დღეში გავაანალიზე, რამხელა წინაღობა უნდა გადამელახა.
სხვა ლიგებთან შედარებით, პრემიერ ლიგა 300-ჯერ უფრო სწრაფია. პირველ ვარჯიშზე ვერაფერი გავიგე. ფეხბურთელები ჩემს ირგვლივ დაფრინავდნენ, კონტე ყვიროდა და მითითებებს იძლეოდა. გუნდს 18-თვიანი იჯარით შევუერთდი და კონტრაქტში "გამოსყიდვის პირობაც" იყო გათვალისწინებული. ასე რომ, "ტოტენჰემი" იმ შემთხვევაში შემიძენდა, თუკი კარგად ვითამაშებდი. თუმცა ჩემი სადებიუტო მატჩი აბსოლუტური კრახი გამოდგა.
გახსოვთ, არა? მე არასოდეს დამავიწყდება.
საშინაო შეხვედრაში, "საუთჰემპტონს" ანგარიშით 2:1 ვუგებდით. მეტოქეს ჩვენთვის გამარჯვება არ უნდა გამოეტაცა - ეს იყო ჩემი ამოცანა.
76-ე წუთი: მოედანზე შემოვდივარ.
79-ე წუთი: "საუთჰემპტონს" გოლი გააქვს.
82-ე წუთი: "საუთჰემპტონს" გოლი გააქვს.
მატჩის საბოლოო ანგარიში: ტოტენჰემი 2:3 საუთჰემპტონი.
მაგარი სტარტია, დეკი.
ოთხი დღის შემდეგ, კიდევ ერთი მატჩი: საშინაო არენაზე, "ვულვზი". 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ. ძირითად შემადგენლობაში არ მითამაშია, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ, კონტემ მოედანზე შემიყვანა.
დაახლოებით ერთი საათი გადის. ჩემს ანგარიშზე 0 გოლი, 0 საგოლე გადაცემა და 1 ყვითელი ბარათია.
ტოტენჰემი 0:2 ვულვზი.
რა ჯანდაბა ხდება?
ჩემმა დამ დამირეკა და სიცილი დაიწყო.
"საქმე უიმედოდაა, დეკი"...
ბავშვობაში, ვფიქრობდი, რომ სხვა, ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსად, ჩემი ოცნებები არ ახდებოდა.
ჩემი ერთადერთი უპირატესობა ის გახლდათ, რომ სუპერგმირს ვიცნობდი: ჩემს ბალკანელ მამას.
თუ ჩემი ვინაობა გაინტერესებთ, მამაჩემი, სტეფანიც უნდა გაიცნოთ. შვედეთში დაიბადა, მაკედონიელი მშობლები ჰყავდა და მენტალურად, ბალკანელი იყო. ჩემი პირველი გუნდი შვედეთში "ბრომაპოიკარნა" იყო. დილაობით, მანქანით ვარჯიშზე მივყავდი. მანამდე, არლანდას აეროპორტში, ღამის ცვლაშიც მუშაობდა და აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისკენ მომავალ ავტობუსს მართავდა. 25 წლის განმავლობაში ამას აკეთებდა. იმავე ხაზზე მუშაობდა დედამისიც. თუკი შვედეთში ჩამოფრენილხართ, დიდი შანსია, რომ მათ შეხვედროდით.
როდესაც ღამის ცვლიდან სახლში ბრუნდებოდა, პირდაპირ სამზარეულოში შედიოდა, საუზმეს მიმზადებდა და მატჩზე მივყავდი. არ იძინებდა.
არასოდეს დაუწუწუნია. არასოდეს.
ერთ დღეს, მატჩი გვქონდა და ბევრი არ მირბენია. შესვენებაზე მამაჩემის გაბრაზებული სახე დავინახე. ეს ხომ შვედეთია - სტანდარტული რამ იქნებოდა, მას რომ გვერდით გავეყვანე და ჩუმად რაიმე ეთქვა. თუმცა ყველას თვალწინ - მშობლების, მწვრთნელების, თანაგუნდელების - ყვირილი დამიწყო: "ყველაფერს ვფიცავ, თუ არ მოინდომებ, სახლში წაგიყვან და იქ დაგტოვებ".
ისე შემრცხვა, კინაღამ მოვკვდი.
მაგრამ მართალი იყო. 20 საათი არ უძინია იმისთვის, რომ იქ ყოფილიყო. უნდოდა, რომ საქმეში ჩემი მაქსიმუმი ჩამედო, იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაფერს აკეთებდა.
როდესაც "ბრომაპოიკარნასთან" ერთად გასვლით მატჩებში მონაწილეობა დავიწყე, იქაც ჩემს გვერდით იყო. ყოველთვის ჩემთან იყო, მარტო მომყვებოდა - აზერბაიჯანში, იტალიაში, გერმანიაში. ფულს ზოგავდა იმისთვის, რომ მე და ჩემი და ლონდონსა და მილანში ჩემპიონთა ლიგის მატჩს დავსწრებოდით. "ბავშვებო, ცოტა ხანი სკოლაში არ წახვალთ, ლონდონში მივდივართ".
ეს ბალკანური მეთოდი იყო. მამაჩემი არასოდეს ამბობდა, თუ რამდენს მუშაობდა, თუ რამდენად მასშტაბური იყო მისი მსხვერპლშეწირვა. უბრალოდ, თავის საქმეს აკეთებდა. ის იყო საუკეთესო გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში მიმიღია.
ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ მოულოდნელად, დადგა დღე, როდესაც ჩემი აზროვნება შეიცვალა. მანამდე, ვიღაცამ იპოვა ჩემი ძველი ვიდეო პრეზენტაცია, რომელიც სკოლაში ჩავატარე. მასწავლებელი გვყავდა, რომელმაც ჩვენი მიზნების შესახებ მოკლე პრეზენტაციის მომზადება დაგვავალა. ვსაუბრობდი ჩემს ოცნებაზე, თუ როგორ მინდოდა ფეხბურთელობა. 10-11 წლის ვიქნებოდი. საოცარია, რომ მაშინაც იგივეს ვფიქრობდი, რასაც დღეს.
ვიდეოში ასეთ რამეს ვამბობ: "ჩემთვის, წარმატებაა, აკეთო საქმე შენებურად და არა ვიღაცის კარნახით. ვერავინ გადამიწყვეტს, თუ როგორ უნდა გავაკეთო ჩემი გასაკეთებელი.
თუკი რაიმე არ გამოგდის, განაგრძე კეთება და მიხვალ წარმატებამდე.
შეუძლებელი არაფერია. შეუძლებლამდე მისასვლელი გზა ცოტა უფრო გრძელია".
როდესაც ამ ვიდეოს ვუყურებ, ახლაც ემოციები მიპყრობს. ხუთი წლის შემდეგ, ის ბიჭი იტალიაში, "ატალანტაში" სათამაშოდ გადავიდა.
ნეტავ შემეძლოს იმის თქმა, რომ იტალიაში ცხოვრება მარტივი იყო, მაგრამ მართალი უნდა ვიყო. პირველი 6 თვის განმავლობაში, სახლში დაბრუნება ძალიან ბევრჯერ მინდოდა. იყო რეგისტრაციასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები, ტრავმაც მივიღე. 1 წლის განმავლობაში, არ მითამაშია. პატარა ბინაში ვცხოვრობდი, რომელსაც საწოლი, ტელევიზორი და საპირფარეშო ჰქონდა. სკოლაში დავდიოდი, სადაც 7 საათს ვატარებდი და არაფერი არ მესმოდა. ვიჯექი და საფეხბურთო ფორმაციებს ვხატავდი, რომ დრო გამეყვანა. სახლში დაბრუნების შემდეგ, ტელევიზორს ვუყურებდი, ან დედას საათობით ველაპარაკებოდი. "როგორ ჩაიარა დღემ? რა ხდება შვედეთში? როგორ ხართ"?
ყოველდღე ვლაპარაკობდით. დედაჩემი, კატიცა, მაკედონიაში დაიბადა და იქ გაიზარდა. მამაჩემის მსგავსად, ოჯახი ძალიან უყვარს. დღემდე ხშირად ვლაპარაკობთ. მაშინაც კი, როდესაც ამ სტატიაზე ვმუშაობდი, მითხრა: "რამე სისულელე არ დაწერო".
როდესაც იტალიაში ვცხოვრობდი, მეუბნებოდა: "დაბრუნდი შვედეთში". თუმცა ჩემი შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ არ უნდა დავთანხმებულიყავი.
ყველა ნებდება. არ უნდა გააკეთო ის, რასაც ყველა აკეთებს.
გამოსავალი უნდა მეპოვა.
მადლობა ღმერთს, რომ ჩემს ცხოვრეში საუკეთესო მეგობარი, ჯოელ ასორო არსებობს. ბავშვობიდან ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს. იტალიაში ყოფნისას, ონლაინ რეჟიმში, მთელი ღამის განმავლობაში PlayStation გვქონდა ჩართული. ყურსასმენებს ვიკეთებდით, Skype-ში დავრეკავდით და Pro Clubs და NBA 2K-ს ვთამაშობდით.
მე და ჯოელი მიზანმიმართული ადამიანები ვართ. არასოდეს ვჩერდებით. დღეს იგი ლიგა 1-ში, "მეცის" შემადგენლობაში თამაშობს, თუმცა მანამდე, როდესაც "სანდერლენდის" წევრი იყო და შვედეთის ნაკრებში მოხვედრას ცდილობდა, ყოველდღე ერთმანეთს ვამხნევებდით.
მეტყოდა: "დღეს, ვარჯიშზე, ძალიან მაგარი მოძრაობა გავაკეთე".
ვპასუხობდი: "მისმინე, რამდენიმე წელიწადში, შვედეთის ნაკრებში ერთად ვითამაშებთ და ყველას გავანადგურებთ".
იტალიური რომ ვისწავლე, მდგომარეობა გამოსწორდა. "ატალანტას" ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიში რომ დავიწყე, მართლა დავიჯერე, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდებოდი. ძალიან მაგარი გუნდი იყო. ასეთი გუნდური მოთამაშეები არასოდეს მინახავს. ერთ სეზონში დაახლოებით 100 გოლი გაიტანეს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კარიერა სწორედ იქ დაიწყო.
სადებიუტო მატჩში, კარგად ვითამაშე.
მეორე თამაში ცუდად წამივიდა.
მესამე მატჩიც ცუდი გამოდგა. ძირითადი გუნდიდან დამაქვეითეს.
U19-ში დამაბრუნეს. ვფიქრობდი, რა მოხდა? საკმარისად კარგი არ ვარ? ყველამ იფიქრა, რომ კონფლიქტი მომივიდა. U19-ში თამაში რომ დავიწყე, ჩემზე ამბობდნენ, რომ მაქსიმალურად აღარ ვიხარჯებოდი და ჩემზე იმედებს აღარ ამყარებდნენ.
თუმცა როდესაც ყველა ჩემს წინააღმდეგაა, სწორედ ამ დროს მაძლევს ღმერთი ძალას.
2019-ის დასაწყისი იყო, 3 თვის განმავლობაში დაუჯერებლად კარგი ფეხბურთი ვითამაშე. თუკი წავაგებდით, ოთახში ავდიოდი და პატარა ბურთით ვთამაშობდი. ჯეი ქოულის მუსიკას ბოლო ხმაზე ვრთავდი და 100 აზიდვას ვაკეთებდი. 21 წლის განმავლობაში, "ატალანტამ" U19-ის ტურნირი პირველად მოიგო. შემდეგ "პარმაში" გამანათხოვრეს და სერია A-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დამასახელეს. ამის შემდეგ, "იუვენტუსმა" შემიძინა.
"ატალანტას" პერიოდიდან, კიდევ ერთი ისტორია უნდა მოგიყვეთ. 2020-ში, კორონავირუსმა გავრცელება დაიწყო და ბერგამოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სიტუაცია იყო. ქუჩაში ვერ გავდიოდით, მთელი დღის განმავლობაში NBA 2K-ს ვთამაშობდი. საბედნიეროდ, სტოქჰოლმში გაფრენა მოვახერხე, იქ ყველაფერი ღია იყო. ერთ დღესაც, იმ სტადიონთან ვარ, სადაც ბავშვობაში ვთამაშობდი. უცებ ვხედავ ამ გოგოს. თავის გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
მეგობრებს ვეკითხები, "ვინ არის"?
მპასუხობენ, "არა, არა, დეკი, შენზე გაცილებით უფროსია".
კაგი, მაგრამ მოსვენება მაინც დავკარგე. ხომ იცით ის შეგრძნება, ვიღაც რომ ძალიან მოგეწონება და თითქოს მთელი სხეული ითიშება? სიგიჟეა. ვეღარაფერზე ფიქრობ. სახლში რომ დავბრუნდი, ის გავაკეთე, რასაც ჩემი თაობა აკეთებს: Instagram-ზე გამოვიწერე.
ცოტა ხანში... მანაც გამომიწერა.
ოფლში ვიწურები. როდესაც მოედანზე ვარ, თავდაჯერებული ვარ. კაცი ვარ. ძალიან თავდაჯერებული. მაგრამ გოგოსთან საუბარი? ასეთ დროს, პატარა შვედ ბიჭუნას ვემსგავსები. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე მიმეწერა და მასთან ფეხბურთზე მესაუბრა.
გენიოსი ვარ.
ავკრიფე: "ჰეი, ძალიან კარგი მოთამაშე ხარ".
დავაჭირე გაგზავნას და დაველოდე.
მომწერა! დავიწყეთ საუბარი. ყველაფერი სწრაფად ხდება და დიდი ისტორია მოკლედ რომ მოგითხროთ, ის გოგო მალე ჩემი მეუღლე გახდება. ელდინა "ბრომაპოიკარნას" კაპიტანი და 10 ნომერი იყო. დაუჯერებლად მაგარი ფეხბურთელია. 4 წელია, ერთად ვართ და ჩვენი შეხვედრა უბრალოდ საოცრებაა.
ცხოვრებაზე უკეთესად, სცენარს ვერავინ წერს.
"იუვენტუსში" ყოფნისას, მქონდა შანსი, ლეგენდებისგან მესწავლა. ერთხელ, ზლატანს ვესტუმრე "მილანში" და მითხრა, რომ დღეში 7 საათის განმავლობაში ვარჯიშობდა. შვიდი საათი!!! ახლა 42 წლის არის და ახლაც ანთავსებს სოციალურ ქსელებში ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც ნამდვილი ცხოველივით ვარჯიშობს. რისთვის აკეთებს ამას? არავინ იცის. ის უბრალოდ ზლატანია.
და კრიშტიანუ? ვარჯიშის შემდეგ, ყველას თავი სმარტფონში ჰქონდა ჩარგული, მაგრამ მას არა, უნდა გენახათ, როგორი მონდომებით შრომობდა, რამდენად სწყუროდა გამარჯვება, იმის მიუხედავად, რომ დასამტკიცებელი აღარაფერი ჰქონდა. არასოდეს მითხოვია თანაგუნდელებისთვის რაიმე, მაგრამ რონალდუს მაისურზე ხელი მოვაწერინე და დედაჩემს გადავეცი.
5 წლით ადრე, ჩვენ ტელეფონზე ვსაუბრობდით და შვედეთში დაბრუნებას მთხოვდა. ალბათ, რაიმე სამსახური უნდა დამეწყო. ახლა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელთან ერთად ვთამაშობდი.
ოცნებები ჩვეულებრივ ადამიანებსაც უხდებათ.
ვიცი, რომ "იუვენტუსში" არაფერი გამომივიდა. შეიძლება ეს უცნაურად ჟღერდეს იმ ფონზე, როდესაც გუნდთან ერთად 2 ტიტული მოვიგე, ორივე ფინალში ვითამაშე, ერთ-ერთში გოლითა და საგოლე გადაცემით გადამწყვეტი გოლი შევასრულე... თუმცა იმ 6 თვის განმავლობაში, ძალიან რთული პერიოდი მქონდა. როდესაც "ტოტენჰემში" გადავედი, არ ვიცოდი, მორევიდან როგორ უნდა ამოვსულიყავი.
"საქმე უიმედოდაა, დეკი"...
"ვულვზთან" თამაშის შემდეგ, კონტე ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ შემდეგ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვითამაშებდი. გასვლითი შეხვედრა, "მანჩესტერ სიტისთან".
სიმართლე გითხრათ, თავიდან ვიფიქრე, რომ მეხუმრებოდა. მიხაროდა, რომ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში ვიწყებდი, მაგრამ თან ძალიან ვნერვიულობდი. გამახსენდა სიტყვები იტალიიდან:
"საკმარისად კარგი არაა".
"ძალიან ნელია".
"არაფერი გამოუვა".
კარგად მახსოვს ის მატჩი. გოლი 3 წუთში გავიტანე და თითქოს 30-კილოიანი ტვირთი ჩამომეხსნა მხრებიდან. დამატებითი დროში, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ჰარი კეინის მიმართულებით ჩავაწოდე და მანაც თავური დარტყმით გოლი გაიტანა. ყველა მისკენ გაიქცა, მე კი გულშემატკივრებისკენ შევტრიალდი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი.
არ ვაჭარბებ: ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტი იყო. ასეთი ცოცხალი არასოდეს ვყოფილვარ. მახსოვს, ვფიქრობდი, რომ ვეღარავინ მეტყოდა, რომ ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი. ვერავინ მეტყოდა, რისი გაკეთება შემეძლო ან არ შემეძლო.
ნუ, სანდრას გარდა. მაგრამ ახლა ისიც ბედნიერი იყო. ასეთი რამ მითხრა: "როგორც იქნა, ბოლო 3 თვეში პირველი კარგი მატჩი ჩაატარე"...
გასული წლის ივნისში, "ტოტენჰემთან" კონტრაქტი გავაფორმე.
ასეთი იოლი გადაწყვეტილება არასოდეს მიმიღია.
ამ გუნდში თამაში ჩემს ოჯახთან ყოფნას ჰგავს. მიდიხარ ვარჯიშზე, სადაც ყველა გიყვარს. მალე მამა გავხდები, ჩემს ბევრ თანაგუნდელს შვილი ჰყავს და მამობაზე ვლაპარაკობთ. ვიცი, რომ ერთ დღეს "ტოტენჰემს" დავტოვებ და ყველაზე მეტად გასახდელი მომენატრება.
ვფიქრობ, რომ ოჯახური ატმოსფეროს შექმნა პოსტეკოღლუს დამსახურებაა.
ის მამაცია და ძალას შენც გმატებს. ბევრს არ საუბრობს, მაგრამ როდესაც ლაპარაკობს, შეგვიძლია საათობით ვუსმინოთ. შეატყობ, რომ ბევრი რამ გაუვლია, ხშირად ამბობს, რა ისწავლა მამისგან. ყველასგან განსხვავებულია. ყველა ტაქტიკასა და გამარჯვებაზე საუბრობს და ეს ცხადია, ძალიან კარგია, მაგრამ ანგესთვის ეს უფრო მეტს ნიშნავს. მისთვის მნიშვნელოვანია პიროვნება.
ამბობს: "თუ წავაგებთ, არ ვიდარდებ, რადგან ცხოვრებაში ყველა მარცხდება. თუ წავაგებთ, ეს ჩვენი დამსახურებით უნდა მოხდეს. არასოდეს მოსცილდეთ საკუთარ თავს".
სწორედ ეს მინდა ცხოვრებაში.
ნათლად რომ განვმარტო: ჩვენ გამარჯვება გვინდა. ვიბრძვით, რომ მოგიტანოთ ის ტიტულები, რომლებსაც იმსახურებთ. თქვენთვის ვვარჯიშობთ, თქვენთვის ვიკვებებით, თქვენთვის გვძინავს. ვიცით, რომ ამ კლუბს ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ადამიანებს ჩემი მაისური აცვიათ და ეს ნიშნავს, რომ საერთო დონეზე ერთმანეთს ვუკავშირდებით. და ჩემთვის კვლავ საოცარია, რომ უბრალოდ, შემიძლია გოლი გავიტანო და 60,000 ადამიანი სახლში ბედნიერი გავუშვა.
ჩვენ ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი ვართ. ყველა მატჩს ვერ მოვიგებთ. ანგე ტიტულებზე არასოდეს საუბრობს. ამბობს: კი, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, მაგრამ მანამდე, ჩვენი თავი უნდა აღმოვაჩინოთ".
სწორედ ამიტომ იყო 2023 წლის ნოემბერში "ჩელსისთან" თამაში ასეთი განსაკუთრებული.
შეიძლება უცნაურია, ვისაუბრო თამაშზე, სადაც დავმარცხდით, მაგრამ იმ თამაშმა ძალიან კარგად აჩვენა, თუ რის მიღწევას ვცდილობთ. შესვენებაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ანგე ძალიან მშვიდად იყო. რომერო გააძევეს, მაგრამ ანგეს არ უთქვამს, რომ დაცვაში უნდა ჩავმჯდარიყავით. უბრალოდ თქვა: "ჩვენ ვიცით, ვინ ვართ".
შემდეგ წითელი ბარათი დესტინიმაც მიიღო და თამაში ძალიან გართულდა. ბევრი ფიქრობდა, რომ გავგიჟდით, რადგან 9 კაცით, მაღალი დაცვის ხაზით ვითამაშეთ.
ნაივურები ვიყავით. ეს "ტოტენჰემური" სტილი იყო.
მაგრამ იცით, რა დამამახსოვრდა?
კინაღამ გავათანაბრეთ. მახსოვს, ვიკარიოს მოგერიებული ბურთების ენერგია მთელ სტადიონს აღემატებოდა. მახსოვს, ვუტევდით და არა იმის გამო, რომ ანგემ ასე გვითხრა, არამედ იმიტომ, რომ ასე მიგვაჩნდა სწორად.
ანგე ამაყი იყო. ჩვენ საკუთარი თავი შევინარჩუნეთ.
საუკეთესო მომენტი მატჩის შემდეგ დადგა. როდესაც 4:1 დავმარცხდით, გულშემატკივართან მივედით. არ დაგისტვენიათ, ტაში დაგვიკარით.
გაიგეთ, რომ
კი, დავმარცხდით მატჩში.
მაგრამ გავიმარჯვეთ სიცოცხლეში.
ძალიან მადლიერი ვარ, რომ ცხოვრების გზამ აქ მომიყვანა. ბედნიერი ვარ, რომ ეს არის ადგილი, სადაც მამა გავხდები. როდესაც უკან ვიხედები, მახსენდება, რომ ცხოვრებამ ყველაფერი მომცა, რაც მჭირდებოდა.
ჩემს მშობლებს, ყოველთვის გვერდში ყოფნისთვის,
ჩემს დას, ერთადერთ კრიტიკოსს, რომელიც ოდესმე დამეხმარა,
ელდინას, იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება განსაკუთრებული გახდა,
და თქვენ, გულშემატკივრებს, დაუჯერებელი მხარდაჭერისთვის,
მთელი გულით,
დიდი მადლობა,
დეკი.