იოშკო გვარდიოლი - მეთევზეობიდან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველობამდე
21 წლის ხორვატი მცველი - იოშკო გვარდიოლი, თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ამომავალ ვარსკვლავად და მცველად ითვლება.
"The Times"-თან საუბრისას, ხორვატმა მცველმა ცხოვრების გარკვეული ეტაპის სირთულეებსა და წინაღობებზე ისაუბრა.
"16-17 წლის ასაკში ჯერ კიდევ ახალგაზრდულ გუნდებში სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი და სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ მქონია. გასულა 10-12 მატჩი ისე, რომ საერთოდ წამითაც არ მათამაშებდნენ და იმედგაცრუებული ვიყავი, რის გამოც არაერთხელ მიცდია, რომ ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა.
ჩემი ცხოვრებიდან ერთ-ერთი მთავარი მომენტი ის იყო, როდესაც ფეხბურთზე გული ავიცრუე და ვარჯიშებზე სიარული შევწყვიტე. ამ საქმიანობის შემდეგ კი სხვა ალტერნატივა ვნახე და დილის 4 საათზე ვიღვიძებდი, რომ ადგილობრივ ბაზარზე თევზი გამეყიდა. ეს ჩემთვის ასმაგად რთული იყო, რადგან თევზი მძულს. წარმოიდგინეთ, რომ 16 წლის ხარ, გშია და სახლში ყოველთვის მხოლოდ თევზია საჭმელი, როგორი რთულია. სწორედ ამიტომ მივხვდი, რომ ცხოვრებაში კიდევ სხვა, ახალი ეტაპი უნდა გამომეცადა.
არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ კვლავ მხოლოდ ფეხბურთზე დავიწყე ფიქრი, სწორედ მას შემდეგ დავიწყე თამაში და საბოლოოდ დაინახეს ჩემში რაღაც და ერთ წელიწადში ზაგრების დინამოს მეორე გუნდში გადავედი".
ფოტოზე ხედავთ იოშკო გვარდიოლის მამას - ტიჰომირს, რომელსაც დღესაც ადგილობრივ ბაზარში თევზის "მაღაზია" აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში, იოშკოს მამის მაღაზიის მუშაობა 100%-ზე მეტით გაიზარდა.
UEFA-სთან ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში გვარდიოლმა მომავლის ამბიციებზე ისაუბრა და გაამხილა, რომ თავის ვარიანტებს, სეზონის დასრულების შემდეგ შეაფასებს.
"ამბიციები?! ნამდვილად არ ვიცი. ჯერ აქ ვარ და წინ უამრავი მატჩი გვაქვს სათამაშო. ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური მატჩი, გერმანიის თასი და ა.შ. ასე, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ამ სეზონში რაც შეიძლება წარმატებულად ვიასპარეზო და სეზონის დასრულების შემდეგ ვარიანტებს განვიხილავ".
ხორვატულ ტელეარხ "RTLDanas"-თან ცალკე ინტერვიუში გვარდიოლმა "ლივერპული" თავის "ოცნების კლუბად" დაასახელა.
"ჩემი ოცნების კლუბი? ეს ნამდვილად "ლივერპულია". პატარაობიდან მამაჩემთან ერთად ვუყურებდი მათ მატჩებს. ჩვენ დეტალურად ვნახეთ და გავიარეთ ყველა სეზონი. ეს არის კლუბი, რომელიც ჩემს გულში დარჩა".
შეგახსენებთ, რომ იოშკო გვარდიოლი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო. 21 წლის მცველი ახლა "ლაიფციგში" თამაშობს და მისი გადაბირებით არაერთი მსოფლიო გრანდია დაინტერესებული.