Belive

ინგლისისა და ტოტენჰემის ლეგენდა საავადმყოფოდან გაწერეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისისა და "ტოტენჰემის" ლეგენდა - ჯიმი გრივზი საავადმყოფოდან გაწერეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 80 წლის გრივზი 7 აპრილს ჩელმსფორდთან მდებარე საავადმყოფოში მოათავსეს. აღსანიშნავია, რომ 80 წლის გრივზს 2015 წლიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. ჩატარებული კვლევებისა და ტესტირების შედეგად, "სპურსის" ლეგენდას კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომები არ აღმოაჩნდა. თავის დაზღვევის მიზნით, მედიკოსებმა იგი 1 კვირით საავადმყოფოში დატოვეს, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გრივზმა მკურნალობა სახლში განაგრძოს. შეგახსენებთ, ჯიმი გრივზს ინგლისის ნაკრების მაისურით 57 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის ანგარიშზე 44 სანაკრებო გოლია. მან ასევე მონაწილეობა მიიღო 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ინგლისის ტრიუმფით დასრულდა. ჯიმი გრივზი "ტოტენჰემის" ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია. საკლუბო დონეზე, იმ დროისათვის პირველ დივიზიონში, გრივზმა 357 გოლი გაიტანა. "ტოტენჰემის" ლეგენდის კარიერის დასრულებიდან 49 წლის შემდეგაც კი უმაღლეს დივიზიონში აღნიშნული რეკორდი არავის გაუმეორებია.

სხვა სტატიები