Belive

"ინფანტინოს ფიფაში ყოფნის დრო ამოიწურა" - ლა ლიგის პრეზიდენტი

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწიოდა და განაცხადა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო საფეხბურთო ინდუსტრიას ანადგურებს.

იტალიურ გამოცემა "La Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუში, ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვნელმა, 2026 წლის მუნდიალი რამდენიმე მიზეზის გამო გააკრიტიკა. მათ შორის იყო სავალდებულო ჰიდრატაციის შესვენებები, ფინალის ხანგრძლივი შესვენება, ამერიკელი ფეხბურთელის, ფოლარინ ბალოგუნისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნა და მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე 64 ნაკრების მონაწილეობა.

დიახ, ვფიქრობ, რომ მისი დრო ამოიწურა. ამ დღეებში, ამერიკაში, ბევრ ისეთ ადამიანს ვესაუბრე, რომლებიც ინფანტინოს წინააღმდეგ არიან და არ მოწონთ, რასაც ის აკეთებს. მაგრამ, იმისდა მიუხედავად, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრობენ, ამის საწინააღმდეგოდ, არაფერს აკეთებენ. არ ვიცი რა უფრო უარესია - დუმილი თუ თანამონაწილეობა, რადგან ვინც დუმს, ძალიან კარგად იცის, თუ რა ზიანს აყენებს ფეხბურთს.

ამერიკელი ფეხბურთელისთვის დისკვალიფიკაციის გაუქმება უკიდურესად სერიოზული შემთხვევა იყო. მათ გაუმართლათ, რომ ბელგიამ აშშ დაამარცხა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენები შეიძლება ისე განვითარებულიყო, რომ ინფანტინოს თანამდებობა დაეკარგა.

მუნდიალის მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდა და ჰიდრატაციის შესვენებებიც სრული უაზრობაა, მაგრამ ფიფა ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იღებს. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი თავად ფეხბურთს აზიანებს. - განაცხადა ხავიერ ტებასმა

ფიფას მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის 18 მარტს, მაროკოში გაიმართება. ტებასი ვარაუდობს, რომ ორგანიზაცია, პრეზიდენტად, ისევ ჯანი ინფანტინოს აირჩევს. აღსანიშნავია ისიც, რომ BBC Sport-მა, ლა ლიგის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, კომენტარისთვის ფიფასაც მიმართა. თუმცა ორგანიზაციას, ბრიტანული საფეხბურთო გამოცემისთვის, ამ დრომდე არ უპასუხია.

სხვა სტატიები