"იგივეა, რომ ესაუბრო მიკროტალღურ ღუმელს" - კლოპი არბიტრებს დაუპირისპირდა
პრემიერ ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში, "ბრენტფორდისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება შედგა. ლონდონში, "Brentford Community Stadium"-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
"ბრენტფორდისა" და "ლივერპულის" მატჩს სტიუარტ ატველი უძღვებოდა, რომელმაც დაპირისპირების დასრულების შემდეგ, მერსისაიდული გრანდის მთავარი მწვრთნელის კრიტიკა დაიმსახურა. კლოპის მტკიცებით, ატველმა პრინციპული შეცდომები დაუშვა, რომელსაც მისი გუნდის კარში გატანილი 2 გოლი მოჰყვა.
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი განსაკუთრებით მესამე გოლმა გააღიზიანა და აღნიშნულ ეპიზოდზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მარტივია, მესამე გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. მატჩის ოფიციალურ პირებთან ამის შესახებ საუბარი იგივეა, რომ ესაუბრო მიკროტალღურ ღუმელს".
Jurgen Klopp had some harsh words for the officials after Liverpool's defeat to Brentford 👀 pic.twitter.com/LoCTM3nFvg
— Football on TNT Sports (@footballontnt) January 2, 2023
"რა თქმა უნდა, 100%-ით ბედნიერი არ ვარ. ამ მატჩს კიდევ მრავალჯერ ვუყურებ, რადგან 2 გოლი კუთხურის შემდეგ გავუშვით. პირველ შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობა არ დააფიქსირეს - მეორე შემთხვევაში კი წესების დარღვევა გამორჩათ.
მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები წესებს აშკარად არღვევდნენ - ხელს კრავდნენ და იჭერდნენ მცველებს და ამ ყველაფერს მსაჯების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ამიტომაც ეს მართლაც რთულია.
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ არ დასტვინა მესამე გოლის დროს, რადგან მცველს უკნიდან ხელი უბიძგეს, რის გამოც კონტროლი დაკარგა და დაეცა. მსაჯები ამ ფრაზის მიღმა იმალებიან: "ეს არაა, ნათელი და აშკარა". რამდენიმე ეპიზოდი იყო, რომელიც დამატებით ახსნას საჭიროებს და მათ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ", - იურგენ კლოპი.
ლონდონში განცდილი მარცხის შემდეგ, "ლივერპული" 28 ქულით მე-6 პოზიციაზე რჩება და მეოთხეადგილოსან "მანჩესტერ იუნაიტედს" 4 ქულით ჩამორჩება. "წითელ ეშმაკებს" 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, რომლის მოგების შემთხვევაში, სხვაობა 7 ქულამდე გაიზრდება.
კიდევ უფრო საგანგაშოა ის გარემოება, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ლივერპული" გასვლით მატჩებში კატასტროფულად ასპარეზობს. მერსისაიდელებმა გასვლაზე ჩატარებულ 8 მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 8 ქულის დაგროვება შეძლეს და არც ისე სანახაობრივი პერფორმანსის შემხედვარე ჩნდება განცდა, რომ "კლოპის მძიმე მეტალი" დასასრულს უახლოვდება.