ზუსტად 39 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს, "დინამო თბილისი" ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა. ქართული ფეხბურთისათვის უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ დღეს "დინამო თბილისი" "კარლ ცაისს" დაუპირისპირდა - მატჩი "დინამოს" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ევროპის თასების მფლობელთა თასზე "დინამოს" წარმატებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ქვეყნის გარეთ ასევე საქართველოში. ცნობილი ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე, რომელიც იმ დროს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეც გახლდათ, "დინამოს" წარმატებას ემოციურად გამოეხმაურა.
იგებენ და სიხარულისგან სული მეხუთება - "როცა ვფიქრობ რამ დამისუსტა ასე გული, მახსენდება თბილისის "დინამო". ამ ჩემი ცოდვით სავსე გუნდმა პირდაპირ დამტანჯა. იგებენ და სიხარულისგან სული მეხუთება, ლამისაა ნერვიულობისაგან გული გამისკდეს. ექიმებმა კატეგორიულად ამიკრძალეს ფეხბურთის ყურება: "დაივიწყე სტადიონიც და ტელევიზორიცო" წარმოიდგინეთ, ამ ბოლო დროს მართლაც ჩინებულად ვგრძნობ თავს. მაგრამ განა იმიტომ რომ "დინამოს" ვუღალატე, არამედ იმიტომ რომ "დინამო" აღარ მღალატობს. მისი მოგებები იმდენად სტაბილური გახდა, რომ თამაშის მსვლელობას მე უკვე აღარ განვიცდი – დარწმუნებული ვარ რომ საბოლოოდ მაინც გავიმარჯვებთ. როგორც ნათელმხილველი ვგრძნობ რომ ჩვენმა გუნდმა მოიგო. გავიხსენოთ თუნდაც დიუსელდორფში ფინალური შეხვედრა, როცა პირველი ბურთი "კარლ ცაისმა" გაიტანა, მე წარბიც არ შემიხრია. ყველამ ვიცით რით დამთავრდა პაექრობა. "დინამოს" წარმატება მინდა ვუსურვო, მის მილიონობით გულშემატკივარს კი, ჯანმრთელობა."
"დინამო თბილისის" გამარჯვებამ არა მხოლოდ ნოდარ დუმბაძე, არამედ სრულიად საქართველო სიამაყის უდიდესი გრძნობით აღავსო. ლეგენდარული ქართველი კომენტატორის - კოტე მახარაძის ფრაზა, რომელიც მან 1981 წლის უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალის დასრულებისას წარმოთქვა დიდი განხილვის თემად იქცა...
"წარმომიდგენია რა ხდება ახლა თბილისში. საქართველოს დედაქალაქში ზეიმია, მთელი ქვეყანა ზეიმობს", - ეს ფრაზა საბჭოთა კომენტატორმა კოტე მახარაძემ წარმოთქვა, რის გამოც ის KGB-ში დაიბარეს და ჰკითხეს, თუ რომელ ქვეყანას გულისხმობდა: საქართველოს თუ სსრკ-ს? ამ ფრაზაში საქართველოს დამოუკიდებლობაზე მინიშნება გამოჩნდა.
აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, რომელიც "დინამომ" თასების მფლობელთა თასის ფინალში დაამარცხა - სად არის ახლა "კარლ ცაისი"?
"კარლ ცაისის" დიდების ხანა მე-20 საუკუნის 60,70 და 80-იანი წლების დასაწყისს უკავშირდება. 1968 და 1970 წელს მოპოვებული ორი ნაციონალური ტიტულის პარალელურად "კარლ ცაისი" 1972, 1974 და 1980 წელს აღმოსავლეთ გერმანიის თასის გამარჯვებული გახდა - 1981 წელს კი ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში "დინამოსთან" დამარცხდა.
1990 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, "კარლ ცაისი" მე-2 ბუნდესლიგაში ასპარეზობდა. 1994 წელს, მე-2 ბუნდესლიგაში "კარლ ცაისმა" მე-17 ადგილი დაიკავა და რანგით კიდევ უფრო დაბალ დივიზიონში - ჩრდილოაღმოსავლეთის რეგიონლიგაში (III) განაგრძო ასპარეზობა.
დაქვეითებულმა "კარლ ცაისმა" იმავე წელს მოიპოვა მე-2 ბუნდესლიგაში დასაბრუნებელი საგზური და მომდევნო წლების განმავლობაში გერმანიის რანგით მეორე საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატის ბინადარი იყო.
1999 წელს, "კარლ ცაისში" ღრმა კრიზისი დაიწყო, რის შედეგადაც მომდევნო წლების განმავლობაში გუნდი მე-3 და მე-4 დივიზიონებში ასპარეზობდა.
2006-07 წლების სეზონში "კარლ ცაისი" კვლავ დაუბრუნდა მე-2 ბუნდესლიგას თუმცა მომავალ წელს ბოლო ადგილი დაიკავა და დაქვეითდა - ამჯერად "კარლ ცაისს" რეგიონალიგაში ასპარეზობა არ მოუწია. გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მე-2 ბუნდესლიგაზე რანგით ქვემდგომი მე-3 ლიგა შეიქმნა - "კარლ ცაისი" სწორედ ამ ლიგაში მოხვდა.
2009 წელი განსაკუთრებით ხმაურიანი აღმოჩნდა. ევროპულ ფეხბურთში გარიგებული მატჩებისა და ფსონების განთავსების სკანდალი აგორდა, რომელშიც "კარლ ცაისის" მეორე გუნდი გაეხვა. გამოძიებით დადგინდა, რომ "კარლ ცაისის" მეორე გუნდსა და "მეუსელვიცს" შორის გამართული მატჩი ჩაწყობილი იყო. 2009 წლის 10 დეკემბერს "კარლ ცაისის" წარმომადგენლებმა ფინანსური კრიზის შესახებ განაცხადეს და აღნიშნეს, რომ გუნდის ვალი 1 მილიონ ევროს შეადგენდა - მოგვიანებით ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას დათანხმდნენ.
უკანასკნელ ათწლეულში "კარლ ცაისი" მე-3 და რანგით კიდევ უფრო ქვემდგომი ლიგების წევრია. 2016-17 წლების სეზონში, "კარლ ცაისი" ჩრდილოაღმოსავლეთის რეგიონლიგიდან კვლავ მე-3 ლიგაში აღზევდა, სადაც გასულ სეზონში მე-14 ადგილი დაიკავა.
"კარლ ცაისის" საშინაო სტადიონი ქალაქ იენაში მდებარეობს. "ერნსტ-აბე-სპორტფელდის" ტევადობა 13.000 გულშემატკივარს შეადგენს.