გლადბახის ვარსკვლავს ლიმფური კვანძების სიმსივნე დაუდგინდა
"გლადბახისა" და ავსტრიის საფეხბურთო ნაკრების მარჯვენა მცველი - შტეფან ლაინერი სიმსივნითაა დაავადებული.
წინასასეზონო სამედიცინო გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ 30 წლის მცველი ლიმფური კვანძების სიმსივნითაა დაავადებული და მკურნალობის ხანგრძლივი კურსის გავლა მოუწევს. აღნიშნულის შესახებ, "გლადბახმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"შტეფან ლაინერი ჩვენს დახმარებას რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, 30 წლის მარჯვენა მცველს, ლიმფური კვანძების სიმსივნე დაუდგინდა. ის მკურნალობის რამდენიმეთვიან კურსს გაივლის. ჩვენ, შენს გვერდით ვართ", - აღნიშნულია "გლადბახის" ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ლაინერი "გლადბახის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში, ბუნდესლიგის 102 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ავსტრიის ნაკრების მაისური, ლაინერმა 38 შეხვედრაში მოირგო.