Belive

გიორგი ჭიაბრიშვილი: "პოტენციურ მეტოქეებს შორის ყველაზე ძლიერს ვუპირისპირდებით" 

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
თბილისის "ლოკომოტივი" 14-წლიანი პაუზის შემდეგ ევროსარბიელზე დაბრუნდა. თბილისური კლუბი ევროპის ლიგის პირველ საკვალფიკაციო ეტაპზე "უნივერსიტატეა კრაიოვას" დაუპირისპირდება. რუმინულ გუნდთან მატჩამდე 1 დღით ადრე, "რკინიგლზეთა" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. "რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ჯანმრთელად ვართ და მინიმალური დანაკლისით ვხვდებით ხვალინდელ დაპირისპირებას. სატურნირო მდგომარეობით და ჩვენს მიერ ჩატარებული მატჩების შედეგებით ჩანს, რომ შორს ვართ იმ თამაშისგან, რომლის ჩვენებაც გვინდა და ის დრო, რაც "ლოკომოტივში" დავინიშნე, არ არის საკმარისი რაღაც ახლის გასაკეთებლად. თუმცა, ჩვენ მთელი გულით, შრომით, მონდომებით ვცდილობთ, რომ ნელ-ნელა ისეთ ფორმაში შევიდეთ, როგორიც გვსურს. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან. ცხადია, თამაშის ხარისხი ჯერ ისეთი არ არის როგორიც გვსურს, როგორც ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს და რა თქმა უნდა გულშემატკივარს სურს. პირადად მე, ევროპის ლიგის წლევანდელ საკვალიფიკაციო ეტაპს ზუსტად ისე შევხვდი, როგორც შარშან, საბურთალოსთან ერთად. ამ შემთხვევაში, გამოცდილებას ვგულისხმობ. "საბურთალოც" და "ლოკომოტივიც" ამ ტურნირს გამოუცდელები შეხვდნენ. "ლოკომოტივი" ისტორიული გუნდია და ევროსარბიელზე წარსულშიც უთამაშია, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო და გუნდი, რომელიც ხვალ მოედანზე უნდა გავიდეს, საერთაშორისო პრაქტიკას მოკლებულია. ჩემი სამწვრთნელო გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ საშინაო კედლებში თამაში ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს. ისევე, როგორც შარშან, საბურთალოსთან ერთად ყველა მატჩი სტუმრად მოვიგეთ, შინ კი გაგვიჭირდა და წავაგეთ. არ ვამბობ, რომ გულშემატკივარი ხელს გვიშლის, პირიქით, ის მე-12 მოთამაშეა და საშინაო კედლებში თამაში სწორედ ამიტომ არის უპირატესობა, მეტოქეზე რიცხვობრივად და ფსიქოლოგიურად მეტი ხარ, უბრალოდ ფეხბურთელებს გამოცდილება აკლიათ. მათ საკუთარი ქალაქის, ოჯახის, მედიის წინაშე უწევთ თამაში და ეს უფრო მეტ წნეხს იწვევს. სწორედ ამიტომ იყო რომ "საბურთალომ" შარშან სტუმრად უფრო ლაღი და გამართული ფეხბურთი ითამაშა. მეტოქეზე გვაქვს სრულფასოვანი ინფორმაცია, მათ თითოეულ ფეხბურთელზე, მწვრთნელზე, სათამაშო სტილზე და აბსოლუტურად ყველაფერზე, თუმცა ეს ვიცით ფურცელზე და აუცილებლად პრაქტიკაში უნდა გადავიტანოთ. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ძლიერი მეტოქეა. მათ ეროვნული ნაკრების ბევრი მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელი ჰყავთ. რაც შეეხება მწვრთნელს, ის იტალიელია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გუნდი დაცვით სტილს თამაშობს. პირიქით, მათი მთავარი სქემა 4-3-3 გახლავთ, ფლანგებს აქტიურად იყენებენ და ყველა ფეხბურთელი შეტევაზეა ორიენტირებული. მართალია არ ვიყავით განთესილები და პოტენციურად უფრო რთული მეტოქეები გვყავდა, მაგრამ "კრაიოვა" მათ შორის ყველაზე რთულია.  რაც შეეხება ჩვენს შემადგენლობას, ნიკა ჭანტურია დაბრუნდა და უკვე განაცხადშიც მოხვდა. თავს კარგად გრძნობს, სრულფასოვნად ვარჯიშობს. მე მომწონს მისი მოედნის ხედვა და სტილი, დანარჩენს კი ხვალ ვნახავთ, როცა ძირითადი შემადგენლობა ცნობილი გახდება. სანდრო კობახიძე ხვალინდელ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. მას ტრავმა ჰქონდა და სასურველი სათამაშო ფორმა ჯერჯერობით ვერ აკრიფა." სამტრედიასთან" შეგნებულად ვათამაშე, რომ მომავალი შეხვედრისთვის მომზადებულიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ მზად არ არის. ასეთ შეხვედრებში გამოცდილებაზე მეტად სათამაშო ფორმა ფასობს. ორი კარგი მეკარე გვყავს, ნებისმიერ მათგანი შესაძლოა შემადგენლობაში მოხვდეს. წინასწარი დასკვნების გაკეთება არ მიყვარს, ყველაფერს მოედანზე ვიხილავთ.  პენალტების დარტყმაზე ცალკე ვვარჯიშობთ, მაგრამ ამას მას შემდეგ ვაკეთებთ, რაც გუნდში მოვედი, ეს იმიტომ რომ ფეხბურთელებისთვის 11-მეტრიანი დარტყმებში მომზადება ამ მატჩის წინ არ დამეწყებინებინა. ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად ანგარიშის შენარჩუნებისკენ მოუწოდებ.დიდი ხანია, ყოველი ვარჯიშის შემდეგ პენალტებზე ვვარჯიშობ.  ვატო არველაძეზე ჩემი შეხედულება მაქვს და ვთვლი, რომ მას ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ჩემი დანიშვნის დღიდან მას ასეთი შეხვედრისთვის ვამზადებდი, თუმცა შეთანხმებულები ვიყავით, რომ თუ უმაღლესი ლიგის გუნდისგან შემოთავაზებას მიიღებდა, შეეძლო წასულიყო. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და თუ ყველა გამოწვევას ღირსეულად შეხვდება, მაღალ დონეზე აუცილებლად ითამაშებს. საქართველოში მსაჯობა ევროპულისგან განსხვავებულია. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ სერბი მსაჯი გვყავს. ის ახალგაზრდაა, პირველი კარიერული ნაბიჯები აქვს, თავის გამოჩენა სურს და ბევრ წითელი და ყვითელ ბარათს იყენებს. ამის მიუხედავად, ფეხბურთელს ვერ ვეტყვი, რომ არ იუხეშონ და ორთაბრძოლებში არ შევიდნენ, ეს ნიშნავს, რომ მატჩს დავთმობთ და ეს თქვენ ნამდვილად არ მოგეწონებათ. ერთ დღეში ვერ შევცვლით ფეხბურთელებს, მთლიანად გარემო უნდა შეიცვალოს სამომავლოდ", - თქვა ჭიაბრიშვილმა.

სხვა სტატიები