გიორგი მაკარიძის ალმერიამ სეგუნდა დივიზიონი მოიგო და ლა ლიგაში ითამაშებს
ესპანეთის რიგით მეორე ლიგის, სეგუნდა დივიზიონის ბოლო, 42-ე ტურში ,,ალმერიამ'', სადაც ქართველი მეკარე, გიორგი მაკარიძე თამაშობს, ,,ლეგანესთან'' სტუმრად ფრედ, 2:2 ითამაშა. ანდალუსიელებმა ჩემპიონატში 81 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში ლა ლიგაში იასპარეზებენ. ლა ლიგაში გადმოვლის რეალური შანსი ჰქონდა ,,ეიბარსაც'', თუმცა ბასკები ბოლო ტურში ბოლოადგილოსან ,,ალკორკონთან'' დამარცხდნენ და 80 ქულით მესამე ადგილზე გავიდნენ. ,,ეიბარს'' საფლეიოფო მატჩების გამართვა ,,ჟირონასთან'' მოუწევს. უშუალო კონკურენტის ქულების დაკარგვით ისარგებლა ,,რეალ ვალიადოლიდმა'' , რომელმაც ,,უესკას'' მოუგო და სეგუნდა დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა. შედეგად ლა ლიგის საგზური ,,ალმერიამ'' და ,,ვალიადოლიდმა'' გაიფორმეს, მესამე ადგილისთვის კი ,,ეიბარი'', ,,ლას პალმასი'', ,,ტენერიფე'' და ,,ჟირონა'' იბრძოლებენ. გასული სეზონისგან განსხვავებით (32 მატჩი), გიორგი მაკარიძემ ,,ალმერიას'' შემადგენლობაში წელს მხოლოდ 1 შეხვედრა ჩაატარა.
Hola @Laliga! 👋#ItsJustTheBeginning pic.twitter.com/nErn7YLxeo — UD Almería (@UDAlmeria_Eng) May 29, 2022