Belive

გიორგი კვერნაძეს თურქული გუნდი აქტიურად აკვირდება

13 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფროზინონეს ფეხბურთელის გიორგი კვერნაძის მიმართ ინტერესს ამჯერად თურქული გუნდი ფენერბაჰჩე იჩენს. სტამბოლური კლუბი 23 წლის ფეხბურთელის შეძენას იანვარშივე გეგმავს, ინფორმაციას თურქული გამოცემა Fanatik აქვეყნებს.

წყაროს ინფორმაციით, გიორგი ფენერბაჰჩეს ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან თურქული კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ოფიციალური წინადადების გაკეთების შესაძლებლობას განიხილავს. თუმცა, ეს ნაბიჯი ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტთან დაკავშირებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. გავრცელებული ინფორმაციით, ფენერბაჰჩე მზადაა მოქმედებაზე გადავიდეს, თუ ფროზინონესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმება ვერ შედგება.

უნდა აღინიშნოს, რომ კვერნაძის კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდეა ძალაში და გამოსასყიდ პუნქტს მოიცავს, რომელიც დაახლოებით 4 მილიონ ევროს შეადგენს და მისი ამოქმედება მხოლოდ მომავალი ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი. ფროზინონე კი ხელშეკრულების გახანგრძლივებასა და ამ პუნქტის გაუქმებაზე მუშაობს, ხოლო კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რენცო კასტანინიმ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდი არცერთი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს.

ფენერბაჰჩეს ინტერესის გარდა, ამავდროულად გიორგი კვერნაძეს აქტიურად აკვირდება რომა და ევერტონი.

ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, სერია A-სა და იტალიის თასზე, უკვე 12 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და შეასრულა 6 საგოლე გადაცემა.