გიმარაეშმა ახალ გუნდში ივარჯიშა, მაგრამ ჯერ არსენალის ფეხბურთელი არაა
ბრუნო გიმარაეშის 75-მილიონიანი ტრანსფერი არსენალში შეფერხდა - მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელმა „მეთოფეებთან“ ერთად უკვე ივარჯიშა.
Diario AS-ის ინფორმაციით, შეფერხება „ბიუროკრატიულ საკითხებს“, კერძოდ კი, საბუთების გაფორმებას უკავშირდება. არსენალში იმედოვნებენ, რომ ადმინისტრაციული დეტალები ოფიციალურ გამოცხადებამდე და ფეხბურთელის წარდგენამდე სწრაფად მოგვარდება.
მიუხედავად ამისა, ესპანური გამოცემა დასძენს, რომ გიმარაეშმა მიკელ არტეტას გუნდთან ერთად პირველი წინასასეზონო ვარჯიში პარასკევს დილით უკვე ჩაატარა.
ამ ტრანსფერიდან 7-იდან 8 მილიონ ფუნტამდე ლიონსაც ერგება - ეს პუნქტი ხელშეკრულებაში ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში ჩაიდო, როდესაც „კაჭკაჭებმა“ ნახევარმცველი ფრანგული კლუბიდან 40 მილიონად შეიძინეს.
ნიუკასლში გატარებული ოთხნახევარი წლის განმავლობაში ბრაზილიელმა 195 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა მიითვალა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი იმ გუნდის საკვანძო ფიგურა იყო, რომელმაც გასულ სეზონში ინგლისის ლიგის თასი (Carabao Cup) მოიგო და ნიუკასლის 70-წლიანი სატიტულო მშრალი სერია დაასრულა.
გიმარაეშის წასვლა „ჯორდებისთვის“ მორიგი დაძაბული სატრანსფერო ფანჯრის აკორდია - კლუბი უკვე დატოვეს ენტონი გორდონმა, სანდრო ტონალიმ და მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰაუმ. ამასთან, ნიუკასლმა სატრანსფერო სამიზნეებიც დაკარგა: იოჰან მანზამბიმ და ვიქტორ მუნიოსმა არჩევანი, შესაბამისად, ასტონ ვილასა და ლივერპულზე შეაჩერეს.
BREAKING: Bruno Guimaraes’ £75million Arsenal transfer delayed despite already training with new Gunners team-mateshttps://t.co/TkFJAq0qgu
— The Sun Football ⚽ (@TheSunFootball) August 7, 2026