Belive

"გატუზოს მწვრთნელობის პერიოდი ნაპოლიში ჩემთვის საშინელება იყო" - ირვინგ ლოზანო

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ირვინგ "ჩაკი" ლოზანომ ნეაპოლურ გუნდში გატუზოსთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა და თქვა რომ ძალიან რთული პერიოდი გამოიარა, რადგან ძალიან გაუჭირდა იტალიელ სპეციალისტთან საერთო ენის გამონახვა.

გატუზო არ მიცნობდა, არც კი იცოდა როგორ და სად ვთამაშობდი, არც არასდროს უკითხავს არაფერი. იქ საქმეები კარგად არ მიდიოდა და ვფიქრობდი, რომ არც არაფერი შეიცვლებოდა.

ყოველთვის სათადარიგოთა სკამზე ვიყავი, ის წელი ჩემთვის საშინელება იყო, ცოლთან ერთად სასოწარკვეთილი ვტიროდი, ხვდები, რომ იქ ბევრზე უკეთესი ხარ და საკუთარ თავს ეკითხები "რატომ არ მაძლევენ წუთებს, რატომ არ მაძლევენ თამაშის საშუალებას?" - ირვინგ ლოზანო

მექსიკელი ფეხბურთელი იტალიაში 2019 წელს გადავიდა და მისი მთავარი მწვრთნელი თავდაპირველად კარლო ანჩელოტი იყო. შემდეგ "ნაპოლიში" ჯენარო გატუზო დაინიშნა და ლოზანოსთვის პროფესიულ კარიერაში ეს ყველაზე რთული პერიოდი გამოდგა.

შეგახსენებთ, ლოზანო ნეაპოლურ გუნდში 2019-დან 2023 წლამდე ასპარეზობდა და 120 მატჩში 23 გოლი გაიტანა. 2019/20 წლებში იტალიის თასის გამარჯვებული გახდა, შარშან 2022/23 წლების სეზონში კი იტალიის სერია ა-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2023/24 წლების სეზონში მექსიკელი ფეხბურთელი "პსვ"-ში გადავიდა, სადაც უკვე 9 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.