Belive

განრისხებულმა ფანებმა ფეხბურთელებისა და მწვრთნელის ავტომობილები დაწვეს | PHOTO/VIDEO

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფეხბურთო კლუბი "ალდოსივი" არგენტინის უმაღლეს ჩემპიონატში (Liga Profesional) კატასტროფულად ასპარეზობს. განვლილ 13 ტურში, მარ დელ პლატაში ბაზირებულმა კლუბმა მხოლოდ 8 ქულის დაგროვება შეძლო და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. კიდევ უფრო საგანგაშოა გატანილი და გაშვებული გოლების თანაფარდობა - "ალდოსივის" ფეხბურთელებმა მხოლოდ 7 გოლის გატანა შეძლეს, მოწინააღმდეგე გუნდებს კი 21 გოლის გატანის შესაძლებლობა მისცეს. არგენტინის უმაღლეს დივიზიონში "ალდოსივიმ" ყველაზე ცოტა გოლი გაიტანა და ყველაზე მეტი გაუშვა. საფეხბურთო კლუბს მოედანზე და მოედნის მიღმა არც ისე სახარბიელო სიტუაცია აქვს, რაც გულშემატკივრების განწყობაზეც აისახება. 12 აგვისტოს, მე-13 ტურის შეხვედრაში "გოდოი კრუზისა" და "ალდოსივის" დაპირისპირება შედგა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, რის შემდეგაც განრისხებულმა ფანებმა შურისძიება გადაწყვიტეს. "გოდოი კრუზთან" განცდილი მარცხის შემდეგ, გულშემატკივრები მარ დელ პლატაში მდებარე "ალდოსივის" ბაზაზე შეიჭრნენ. დაცვის თანამშრომლებმა ფანების შეჩერება ვერ შეძლეს, ხოლო იარაღით მუქარის შემდეგ, დაცვა იძულებული გახდა ფანებისათვის ბაზაზე შესასვლელი ჭიშკარი გაეღო.


222




კლუბის ბაზაზე შეჭრილმა ფანებმა "ალდოსივის" ფეხბურთელებისა და ერთ-ერთი მწვრთნელის ავტომობილები დაწვეს. არგენტინულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია სადგომზე განთავსებული 5 ავტომობილი. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და დაზარალებულთა შესახებაც არ ვრცელდება ინფორმაცია.

სხვა სტატიები