Belive

გამოეთიშნენ თუ არა მბაპე და იამალი ოქროს ბურთისთვის ბრძოლას? რას ამბობს France Football-ის ყოფილი რედაქტორი

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

France Football-ის ყოფილ მთავარ რედაქტორს, პასკალ ფერეს, რომელიც ოქროს ბურთის დაჯილდოების ორგანიზებაზე იყო პასუხისმგებელი, მიაჩნია, რომ კილიან მბაპემ და ლამინ იამალმა ჯილდოსთვის ბრძოლაში შანსები, შესაძლოა სწორედ ამ პრიზის შესახებ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებით დაკარგონ.

როგორც ფრანგული მედია წერს, ფერემ თავის სიტყვებში სახელების დასახელების გარეშე, მბაპე და ლამინ იამალი იგულისხმა. ბოლო კვირების განმავლობაში, ამ ორმა სუპერვარსკვლავმა თვითრეკლამით არაერთხელ სცადა საკუთარი კანდიდატურის წინ წამოწევა. ფერეს მიაჩნია, რომ ეს შეცდომაა:

,,ოქროს ბურთის ამომრჩევლები გულუბრყვილოები არ არიან. მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება და მსჯელობის უნარი იმისათვის, რომ შეაფასონ მოთამაშე და 10-ჯერ ან 15-ჯერ არ მოისმინონ, რომ ის საუკეთესოა.

თუ ფეხბურთელი ყურადღების ცენტრში უცნაური გზით ექცევა და ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ამომრჩევლებს გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს, ამან შესაძლოა საბოლოოდ მათი გაღიზიანება გამოიწვიოს. ამ მომენტში მანიპულაცია საკმაოდ აშკარა ხდება.'' - პასკალ ფერე

2024 წლიდან პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს თანაორგანიზატორი UEFA გახდა. ხმის მიცემის უფლება შერჩეულ ჟურნალისტებს აქვთ - თითო ჟურნალისტს ფიფას რეიტინგის საუკეთესო ასეულში შემავალი თითოეული ქვეყნიდან.

არჩევნის გაკეთებისას, ჟურნალისტებს მკაცრი ინსტრუქცია აქვთ, რომ გასული სეზონის განმავლობაში ფეხბურთელების გამოსვლა სამი კრიტერიუმით შეაფასონ: ინდივიდუალური თამაში, გუნდური წარმატება და ფეარ-პლეი.