ფიფა-მ დაადასტურა, რომ რუსეთი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე აღარ იასპარეზებს.
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ მიიღო - პლეი ოფის ნახევარფინალში, პოლონეთი რუსეთს უნდა შეხვედროდა, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციამ და მოთამაშეებმა ხაზგასმით განაცხადეს, რომ მათ რუსეთთან შეხვედრა არ სურდათ.
აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ გავრცელებული სანქციები ფეხბურთსაც შეეხო: ფიფა-ს გადაწყვეტილება საბოლოოა და შეხვედრაში გამარჯვებულად, ავტომატურად, პოლონეთი დასახელდა.
ფინალში პოლონეთი შვედეთსა და ჩეხეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ასევე, ფიფა-მ დაადასტურა, რომ უკრაინასა და შოტლანდიას შორის შეხვედრა გადადებულია, უელსი Vs. ავსტრია კი ერთმანეთს გეგმის მიხედვით დაუპირისპირდებიან.
„2022 წლის 3 მარტს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ წერილობით მიმართა ფიფა-ს და საკვალიფიკაციო მატჩ(ებ)ის გადადება იმ მიზეზით მოითხოვა, რომ გუნდის მოგზაურობისა და ვარჯიშის ორგანიზება ამჟამინდელ პირობებში შეუძლებელია. უეფა-სთან და 4 ევროპული ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციებთან კონსულტაციების შედეგად, საერთო გადაწყვეტილება მიღებულია", - ვკითხულობთ განცხადებაში.