Belive

FIFA 23-ის მსოფლიო ჩემპიონატის რეჟიმის ფლეილისთი უბრალოდ შესანიშნავია

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მთელი საფეხბურთო სამყარო, მათ შორის EA Sports-იც ემზადება: იმისთვის. რომ საფეხბურთო სიმულატორი უფრო მეტად მიმზიდველი და ჩამთრევი გახდეს, კომპანიამ FIFA 23-ის განახლება გამოუშვა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის რეჟიმის დამატებას გულისხმობს. განახლება არაერთ სიახლეს გვთავაზობს, რომელთა შორის, ტრადიციულად, ყურადღებას შესანიშნავ ფლეილისთზე გავამახვილებთ.

Pro Evolution Soccer-ის სახით, წლების განმავლობაში, FIFA-ს მძლავრი კონკურენტი ჰყავდა. ამ უკანასკნელის მსგავსად, მუსიკალური კუთხით, წუნს ვერც PES-ს უპოვნიდით: მის შემქმნელ KONAMI-სთან ისეთი ჯგუფები, მუსიკოსები თუ არტისტები თანამშრომლობდნენ, როგორებიცაა Chemical Brothers, The XX, Stereophinics, Avicii და სხვ. თუმცა FIFA-ში, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო 10 წლის განმავლობაში მოიპოვა, მუსიკალური თვალსაზრისით, სულ სხვა დონე გვხვდება – ამისი ნათელი დასტურია ისიც, რომ დასავლეთში FIFA-ს “გემოვნების განმსაზღვრელს” უწოდებენ.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის განახლებას, FIFA 23-ის ახალ რეჟიმში FIFA 98-დან 23-მდე შესული საუკეთესო სიმღერები გვხვდება. დიახ, გუნდის შერჩევის ან ტაქტიკაზე ფიქრისას, თქვენ Blur-ის Song 2-ს, MGMT-ის Kids-სა და კიდევ არაერთ გამორჩეულ სიმღერას მოისმენთ.

fifa23-mwc-sountrack-artisttracklist-1x1.png.adapt_.1920w

ვინ ირჩევს სიმღერებს?

“იყო პერიოდი, როდესაც, Queen-ის We are the Champions-ს ყველა მომენტს არგებდნენ, მე კი ახალი აღმოჩენები მიზიდავდა”, – ამბობს Electronic Arts-ის მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელი, სტივ შნერი, რომელმაც სტერეოტიპებისგან და ჩარჩოებისგან განცალკევებული გზა აირჩია და საფეხბურთო სიმულატორს თითქოს შეუსაბამო, მაგრამ რეალურად, იდეალურად მორგებული სიმღერები შეუხამა.

მისი თქმით, ყველაზე რთული ნაწილი ყოველ წელს, საერთო სიის 50 სიმღერამდე შემცირების პროცესია. თუმცა ამის უკან სელექციის, დეტალური განხილვისა და ლიცენციებთან დაკავშირებული მოლაპარაკების ხანგრძლივი პროცესი იმალება.

"არსებობს ბევრი ბენდი, რომელიც პირდაპირ “მედისონ სქუერ გარდენზე” ვერ მოხვდება, თუმცა ჩვენი საშუალებით, მუსიკოსები მთელ მსოფლიოში გაფანტულ გულშემატკივარს ხმას აწვდენენ. ეს კი ის წარმატებაა, რომელიც განსაკუთრებით აღმაფრთოვანებს.

თვალებს ვხუჭავ, ვუსმენ “ზეპელინის” სიმღერას და შემიძლია გითხრათ, სად ვიყავი მაშინ, როდესაც მას პირველად მოვუსმინე. ისიც მახსოვს, თუ რა შეგრძნებები მქონდა მაშინ. მინდა, რომ FIFA-ს მომხმარებელმა ანალოგიური გამოცდილება გაიზიაროს”, თქვა სტივ შნერი.

ასევე იხილეთ: ტოპ 10 სიმღერა FIFA-ს ისტორიაში