Belive

ფეხბურთი შობას | ნისლში გახვეული მეკარე კარს 15 წუთი იცავდა - არავისგან

2 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

მატჩები ინგლისში საშობაო არდადეგების დროს - ტრადიცია, რომელიც არავის მოსწონდა

თითქმის 100 წლის განმავლობაში, ბრიტანეთში, დეკემბრის მატჩების კალენდარი იმდენად მკაცრი იყო, რომ თანამედროვე მწვრთნელები დღესაც 'წუწუნებენ'. გუნდები თამაშობდნენ არა მხოლოდ შობის კვირეულში, არამედ შობის დღესაც.

ორგანიზატორების არგუმენტები ლოგიკური ჩანდა. მაშინ შობა იმ რამდენიმე ოფიციალური დღესასწაულიდან ერთ-ერთი იყო, როცა მამაკაცებს დილით და შუადღისას მშვიდად შეეძლოთ ფეხბურთზე სიარული. სხვა დღეებში ისინი მუშაობდნენ, ხოლო საღამოს მატჩები განათების არარსებობის გამო არ ტარდებოდა. ამ დროს ქალები სახლის საქმეებით იყვნენ დაკავებულნი - მაგალითად, ქმრების დაბრუნებისთვის სადღესასწაულო ინდაურის მომზადებით.

1937 წლის 25 დეკემბერს, ლონდონი 1904 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერმა ნისლმა მოიცვა. ბევრი მატჩი გაუქმდა, მაგრამ არა ჩელსისა და ჩარლტონს შორის შეხვედრა. მინიმალური ხილვადობის პირობებში, გუნდებმა პირველი ტაიმი 1:1 ითამაშეს, თუმცა მსაჯმა მატჩი შეაჩერა. ჩარლტონის მეკარის, სემ ბარტრამის კარიერაში ყველაზე ცნობილი ამბავიც ამ დროს მოხდა.

იმ დროს ჩვენ ძალიან კარგები ვიყავით, ჩემი საჯარიმოდან მოედნის ბოლოში სულ უფრო და უფრო ნაკლები ფიგურა ჩანდა, სიახლოვეს კი არავინ იყო, რადგან მუდმივად ვუტევდით. გული მწყდებოდა, რომ ამდენს ვუტევდით და გოლი ვერ გაგვქონდა, თორემ მოედნის ცენტრიდან განახლებულ თამაშს მაინც დავინახავდი.

თბილად რომ ვყოფილიყავი, რამდენჯერმე საჯარიმოს კიდისკენ მივირბინე - ნისლში ვიყურებოდი, რომელიც ყოველ წუთს უფრო და უფრო სქელდებოდა. მაინც ვერაფერს ვხედავდი. ჩელსის თავდასხმა საკუთარ კართან გვყავდა მიჯაჭვული (ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა).

დიდი ხნის შემდეგ, ნისლის ფარდის უკან ფიგურა გამოჩნდა - ეს პოლიციელი იყო. მან შემომხედა და მითხრა: რა ჯანდაბას აკეთებ აქ? თამაში უკვე 15 წუთია შეჩერებულია. მოედანი სრულიად ცარიელია.

როდესაც გასახდელში შევედი, გუნდის დანარჩენი წევრები უკვე საშხაპიდან გამოსულიყვნენ და იცვლიდნენ. როდესაც ბიჭებმა დამინახეს, სიცილით კინაღამ დაიხოცნენ. - იხსენებს სემ ბარტრამი

როგორც ამბობენ, ბარტრამის სტილი ხოსე ლუის ჩილავერტისა და მანუელ ნოიერის ნაზავი იყო. გერმანელამდე ათწლეულებით ადრე, ის საჯარიმო მოედნის მიღმა გამოდიოდა და ზოგჯერ მოწინააღმდეგის საჯარიმოში შედიოდა დრიბლინგით. პარაგვაელამდე ათწლეულებით ადრე, ის პენალტებს ასრულებდა - არა მატჩისშემდგომი სერიების დროს, არამედ პირდაპირ თამაშში. ის ასევე შესანიშნავად უმკლავდებოდა დარტყმულ პენალტებსაც: კარიერაში 79-დან 22 თერთმეტმეტრიანი აქვს მოგერიებული.

სხვა სტატიები