Belive

ფეხბურთი და ფილოსოფია: სოკრატესის თვალით დანახული სამყარო

1 წლის წინ ფეხბურთი
10 წთ
ვიცი, არ დამიჯერებ, მაგრამ ადამიანობის სრულყოფილების ფორმა როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების ნამოქმედარის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაა. - ათენელი ფილოსოფოსი, სოკრატე.

"ბელემ დო პარა" პორტუგალიურად ბეთლემს ნიშნავს. 1954 წლის 9 თებერვალს, სოკრატეს ბრაზილეირუ სამპაიუ დი სოზა ვიეირა დი ოლივეირა სწორედ ამ ქალაქში დაიბადა. "უნიკალური და მრავალგანზომილებიანი პერსონაჟი" - ასე ახასიათებს მას ენდრიუ დაუნი, ავტორი წიგნისა: "ექიმი სოკრატესი: ფეხბურთელი, ფილოსოფოსი, ლეგენდა". ის იყო ელეგანტური სტილით მოთამაშე შემტევი ნახევარმცველი, კრიტიკული წერილების ავტორი და ექიმი. თუმცა მისი მთავარი რეგალია შემდეგია: სასტიკი სამხედრო დიქტატურის პერიოდში, სოკრატესი ბრაზილიის ერთ-ერთი მხსნელი იყო.

სოკრატესის ცხოვრებამ დიქტატორული რეჟიმის პროცესში გაიარა. 1964 წელს, ბრაზილიელმა სამხედროებმა ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟუან გულარტს პუტჩი მოუწყვეს. ქვეყანაში სამხედრო დიქტატურა დამყარდა, რომელიც 1985 წლამდე გაგრძელდა.

სოკრატესის მამა, რაიმუნდო დე ოლივეირა, სიღარიბეში გაიზარდა. ის იყო თვითგანათლებული კაცი, რომელიც, მოგვიანებით, შემოსავლების ზედამხედველი გახდა. იცოდა რა საკუთარი წარსული, რაიმუნდო შვილებს სწავლისკენ უბიძგებდა და სახლში ბიბლიოთეკა ჰქონდა მოწყობილი, სამხედრო რეჟიმი განათლების სისტემას დიდად არ სწყალობდა და მეტიც, ინტელექტუალებს დევნიდა, იჭერდა და აწამებდა.

როდესაც სოკრატესი 10 წლის გახდა, საკუთარი თვალით შეესწრო, თუ როგორ ხევდა მამამისი წიგნებს. პატარა სოკრატესმა ვერაფრით ამოხსნა, თუ რატომ ანადგურებდა კაცი იმას, რაც ასე უყვარდა. წლების შემდეგ, როდესაც კოლეჯში ჩააბარა, მაშინღა მიხვდა, რომ სახლში არსებული ფილოსოფიური ნაშრომები რეჟიმისთვის საშიშროებას წარმოადგენდა. ოჯახის გადასარჩენად, მამამ მსხვერპლი გაიღო.

საფეხბურთო ტალანტის მიუხედავად, სოკრატესი ექიმობაზე ოცნებობდა. მიაჩნდა, რომ სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შედეგად, ბრაზილიაში არსებულ სიღარიბესა და უთანასწორობას დაუპირისპირდებოდა. მამამ დაარწმუნა, რომ სწავლა და ფეხბურთის თამაში ერთად შესაძლებელი იყო: სოკრატესს უთხრა, რომ პოპულარობის სწორად გამოყენებისა და აზრის დაფიქსირების შემთხვევაში, დიდ ფეხბურთელს ბრაზილიაში მნიშვნელოვანი ცვლილების მოხდენა შეეძლო.

კარიერის დასაწყისში, სოკრატესს სხვანაირი შეხედულებები ჰქონდა. რიბეირო პრეტოს კონსერვატიულმა კულტურამ და სამხედრო რეჟიმის კონტროლმა იგი მოხიბლა და ერთ-ერთ ინტერვიუში ღიადაც დააფიქსირა, რომ ცენზურის მომხრეც კი იყო. თუმცა, რაც უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო პოლიტიკური პროცესებისა და ბრაზილიაში არსებული სოციალური უთანასწორობის შესახებ, სოკრატესს ახალი ხედვა ჩამოუყალიბდა, რომლის ერთგულიც ბოლომდე დარჩა.

როდესაც სოკრატესმა დიდ ფეხბურთში შეაბიჯა, პარალელურად, სამედიცინო ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომიც მიიღო. საკუთარ თავს არტისტად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ ფეხბურთიც ხელოვნების ნაწილი იყო - სოკრატესი ბრაზილიური "ლამაზი თამაშის" (Joga Bonito) წარმომადგენელი გახლდათ.

ფეხბურთი ხელოვნებაა. ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ ფეხბურთი ორ მხარეს გამართული შეჯიბრი, დაპირისპირება და ომია. თუმცა, მის საფუძველში ხელოვნების გამორჩეული ფორმა იმალება. - სოკრატესი

მისი კარიერა 1974 წელს, "ბოტაფოგოში" დაიწყო. 57 მატჩში, 24 გოლი გაიტანა, თუმცა მაყურებელზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება "კორინთიანს პაულისტაში" (1978-1984) თამაშისას მოახდინა - გახდა "სახალხო გუნდად" ცნობილი გუნდის კაპიტანი და საუკეთესო მოთამაშე.

გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანი არაა. ფეხბურთი ხელოვნებაა და ის შემოქმედითობას უნდა ასახავდეს. ვინსენტ ვან გოგსა და ედგარ დეგას რომ სცოდნოდათ, თუ რა დონის აღიარებას მიაღწევდნენ მომავალში, ხომ იგივე გზით იცხოვრებდნენ? თქვენ უნდა ისიამოვნოთ ხელოვნებით და არ უნდა იფიქროთ, გაიმარჯვებთ თუ არა. - სოკრატესი

ვან გოგისა და დეგას კვალზე, სოკრატესი საკუთარი ქმნილებით სიამოვნებას იღებდა და მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მოედნებზე ცეკვავდა. ყველამ იცოდა მისი ფიზიკური ძალისა და ორივე ფეხით შესანიშნავად თამაშის შესახებ. უზუსტესი შორეული გადაცემების გაკეთება, დაცვის ხაზში ბურთის გამჭოლი გადაცემით გატარება და ქუსლით გაკეთებული პასებით მცველების დაბნევა ოსტატურად შეეძლო.

ბრაზილიის ნაკრების მაისური 60-ჯერ მოირგო, ბურთი ბადეში კი 22-ჯერ გაახვია. ითამაშა 1982 და 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე, 82-ში კაპიტანიც კი იყო. გუნდი, რომელსაც სოკრატესი და ზიკო ლიდერობდნენ, იყო ერთ-ერთი საუკეთესო მუნდიალის ისტორიაში, რომელსაც ოქროს მედლები არ მიუღია.

ითვლება "კორინთიანსის" ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ. ეს არის კლუბი, რომელიც რკინიგზაზე დასაქმებულმა ადგილობრივებმა დააარსეს - განსხვავებით იმ კლუბებისგან, რომლის სათავეშიც პოლიტიკური და ფინანსური ელიტა იდგა. ზემოთაღნიშნული ენდრიუ დაუნის თანახმად, სან პაულოში ცხოვრებისას, სოკრატესის ნათელი გონება გაიფურჩქნა და სხვა სიმაღლეზე ავიდა.

დიდ ყურადღებას უთმობდა, თუ რა ხდებოდა ბრაზილიაში. სან პაულოში ცხოვრებისას, დაუმეგობრდა მემარცხენე იდეოლოგიის მქონე სპორტის ჟურნალისტს, ჟუკა კფურის, რომელიც პოლიტიკურად ძალიან აქტიური იყო. კფურიმ მისი აზროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

კორინთიანსის დემოკრატია

"კორინთიანსში" კიდევ ერთ ადამიანს შეხვდა, რომელმაც მის მომავალ პოლიტიკურ აქტივიზმზე გავლენა იქონია. მალევე დაუმეგობრდა ფერადკანიანი მოსახლეობის უფლებადამცველ ვლადიმირს (ფეხბურთელი, რომელსაც "კორინთიანსში" ყველაზე მეტი, 802 მატჩი აქვს ჩატარებული). თუმცა არავის ისეთი დიდი გავლენა არ მოუხდენია სოკრატესზე, როგორც "კორინთიანსის" სპორტულ დირექტორს, ადილსონ მონტერიო ალვეშს.

ალვეშთან ერთად, სოკრატესმა და ვლადიმირმა "კორინთიანსის დემოკრატია" ჩამოაყალიბეს - საფეხბურთო იდეოლოგიური მოძრაობა, რომელიც კლუბის მმართველობაში ფეხბურთელების თანამონაწილეობას გულისხმობდა. იმ პერიოდში, საფეხბურთო კლუბებში მოქმედებდა სისტემა, სახელწოდებით "concentração" - ეს იყო მატჩის წინა პერიოდის რეჟიმი, როდესაც ფეხბურთელებს გარე სამყაროსთან შეხების უფლება არ ჰქონდათ, იყვნენ მხოლოდ მომდევნო მატჩზე კონცენტრირებულები და დეტალურად გაწერილ, მკაცრ წვრთნებს გადიოდნენ. ასევე, concentração-ს პირობებში, ფეხბურთელებს სპორტულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ.

"კორინთიანსის დემოკრატიის" სათავეში სოკრატესი და ვლადიმირი იდგნენ. თანაგუნდელების ერთი ნაწილი მათი მომხრე, ნაწილი კი წინააღმდეგი იყო. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც პოლიტიკური საკითხები არ აინტერესებდათ, თუმცა მათ გუნდის კაპიტნის სიტყვის სჯეროდათ და ამიტომაც, სოკრატესის წინადადებას დათანხმდნენ.

ჩვენი მიზანი იყო, რომ გამოხატვის დემოკრატიზაცია მოგვეხდინა. გვსურდა, რომ თითოეული გადაწყვეტილება ხმის მიცემის შედეგად მიგვეღო. - სოკრატესი

"კორინთიანსი" ბრაზილიური დემოკრატიის მოდელად იქცა, სადაც გუნდის თითოეული წევრი თანაბარ მნიშვნელობას ატარებდა. ხმის მიცემა ხელის აწევით ხდებოდა. გუნდი თავად წყვეტდა, როდის უნდა ესადილა, ან რომელი ფეხბურთელი უნდა დამატებოდა შემადგენლობას. ეს იყო ბრაზილიაში არსებული პოლიტიკური წყობისგან სრულიად განსხვავებული სისტემა, რადგან ყველა, ვინც მმართველ რეჟიმს აკრიტიკებდა, დაჭერისა და წამების ობიექტი ხდებოდა, რაც ხშირ შემთხვევებში, სიკვდილით სრულდებოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ბრაზილიელ ხალხს ფეხბურთი ძალიან უყვარდა, მმართველმა რეჟიმმა იცოდა, რომ ფეხბურთელების დასჯა მასობრივ არეულობას გამოიწვევდა. სწორედ ამან მისცა სოკრატესს საშუალება, რომ პოლიტიკური ცვლილებისთვისაც ებრძოლა.

ჩვენ დიდ დათვს პატარა ჯოხით ვებრძოდით და ეს საოცარი პროცესი იყო, რადგან შევძელით, რომ ეს პროცესი ჩვენს ჰორიზონტს გასცდენოდა და ქვეყანას მისწვდომოდა. სწორედ ამის მიღწევა გვინდოდა. - სოკრატესი

როდესაც მნიშვნელოვანი თამაშის წინ სოკრატესს კითხვას უსვამდნენ, ქარიზმატული კაპიტანი თემას ხშირად ცვლიდა და ბრაზილიაში არსებულ სოციალურ საკითხებზე საუბრობდა. მას უწოდებდნენ "ბრაზილიის დემოკრატიისკენ ტრანზიციის გასაღებს", რადგან შეეძლო, პრობლემებზე ყველასთვის გასაგები ენით ესაუბრა. სოკრატესს ჰქონდა უდიდესი პლატფორმა: იყო ბრაზილიის უდიდესი ქალაქის მთავარი გუნდისა და ქვეყნის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. ეს იმას ნიშნავდა, რომ ხალხი მას მოუსმენდა და რომ მისი სიტყვა ბევრისთვის შთამაგონებელი იქნებოდა.

ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით გაჩნდა. ყოველთვის პოლიტიკა და სოციალური უთანასწორობა მაინტერესებდა. შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ფეხბურთს კარგად ვთამაშობდი, რამაც სრულიად სხვა, პრივილეგირებულ სამყაროსკენ გამიხსნა კარი. როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, ჩემი ფეხები ხმის გამაძლიერებლის ფუნქციას ასრულებდნენ. თუკი ადამიანებს არ აქვთ იმისი შესაძლებლობა, რომ ხმა გააგონონ სხვებს, მაშინ მათ სათქმელს მე ვიტყვი. - სოკრატესი

სოკრატესმა და "კორინთიანსმა" დემოკრატიისთვის ბრძოლა მოედანზე გადაიტანეს. გუნდს ხშირად ეცვა გარკვეული იდეის შემცველი მაისური. მაგალითად, 1982 წელს, მაისურზე დატანილი იყო "Dia 15 Vote", რაც გულშემატკივარს 1964 წლის შემდეგ, პირველ მრავალპარტიული არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა. "სან პაულოსთან" შეხვედრისას, ფეხბურთელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს, სადაც ეწერა: "მოგება ან მარცხი, მაგრამ ყოველთვის დემოკრატიის შედეგად".

1984 წელს, "მშრომელთა" პარტიის დამფუძნებელმა და მომავალმა პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ, სოკრატესთან ერთად, 2 მილიონიანი დემონსტრაცია გამართა. ისინი დამოუკიდებელ არჩევნებს მოითხოვდნენ. სოკრატესმა ბრაზილიის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა: თუკი პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდებოდა, სათამაშოდ იტალიაში გადაბარგდებოდა.

სოკრატესი სიტყვის კაცი იყო. მთავრობამ ხალხის ნება არ შეასრულა, სოკრატესმა კი კარიერა 1 წლით "ფიორენტინაში" გააგრძელა.

სოკრატესი თავს განადგურებულად გრძნობდა. როდესაც მისი შეთავაზება უარყვეს, თავი უსუსურად იგრძნო. "ფიორენტინაში" საკუთარ სიმაღლეზე არ უთამაშია და ბრაზილიაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ თანაგუნდელებიც ვერ დაიყოლია.

სოკრატესი გაწბილებული იყო იმით, რომ ბრაზილიაში მიზანს ვერ მიაღწია. თუმცა ბრძოლა არ შეუწყვეტია. სჯეროდა საკუთარი იდეების და ცდილობდა, მხარდაჭერა ყველასთვის გამოეხატა, ვისაც ეს სჭირდებოდა. 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე, თავზე გახვეულ სახვევზე იკითხებოდა "მექსიკა, გამაგრდი". 9 თვით ადრე, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. სოკრატესს აწუხებდა და ადარდებდა ის, რაც შეიძლება ბევრის ყურადღების მიღმა დარჩენილიყო და მიაჩნდა, რომ დიდი პუბლიკის წინაშე გამოჩენა მას აზრის დაფიქსირების შესაძლებლობას აძლევდა, რასაც ყოველთვის იყენებდა.

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მართალი სოკრატესის მამა იყო: პოპულარობის სწორად გამოყენებისა და აზრის დაფიქსირების შემთხვევაში, დიდ ფეხბურთელს ბრაზილიაში მნიშვნელოვანი ცვლილების მოხდენა შეეძლო. იგი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ელეგანტური სტილით მოთამაშე გამთამაშებელი და მცველების რისხვა, რომელიც, ამასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო 80-იანი წლების ბრაზილიაში.

გასული საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ სოკრატესისთვის ეს მთავარი მიღწევა არ გახლდათ: "საფეხბურთოზე მეტად, ჩემს პოლიტიკურ მიღწევებს უფრო მაღალ საფეხურზე ვაყენებ. მატჩი 90 წუთში სრულდება, მაგრამ ცხოვრება ხომ გრძელდება"?

მომზადებულია The Culture Division-ის მიხედვით