"ესპანეთმაც მოიგო ევროპის ჩემპიონატი, ამიტომ ორმაგად ბედნიერი ვარ" - ლიონელ სკალონი
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინამ კოპა ამერიკის ფინალში კოლუმბია მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა და სარეკორდო მე-16 კოპა ამერიკის თასს დაეუფლა. ერთადერთი გოლი ლაუტარო მარტინესმა ექსტრა ტაიმების 112-ე წუთზე გაიტანა.
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა:
ეს გუნდი არასდროს წყვეტს სიურპრიზებს. მათ ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან კარგად ითამაშეს. დამატებით დროში კი თამაშის ხარისხი საგრძნობლად გავაუმჯობესეთ. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, ამ გუნდის თამაში სასიამოვნო საყურებელია.
ბედნიერი ვარ იმით, რომ გულშემატკივრები ბედნიერები არიან. თითოეული ეს მომენტი მათ ბედნიერებას ანიჭებს. ჩვენ ვითამაშეთ იმისთვის, რომ გულშემატკივრებისთვის სიხარული მიგვენიჭებინა. ესპანეთმაც მოიგო ევროპის ჩემპიონატი, ამიტომ ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან მე იქ ვცხოვრობ და კარგად ვიცნობ მათ მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს, კარგი იქნება მათთან ფინალში შეხვედრა თუ ეს მატჩი შედგება (ფინალისიმა).
ანხელ დი მარიამ ძალიან კარგად ითამაშა. ეს იყო მისი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში. კარიერის ბოლო შეხვედრას ატარებდა, მაგრამ ის ისე გამოიყურებოდა თითქოს 25 წლის იყო. მისთვის ისე დასრულდა ყველაფერი, როგორ დასასრულსაც ფილმშიც ვერ წარმოიდგენდა.
ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავაფასოთ. არასდროს მიფიქრია, რომ იქამდე მისვლა შემეძლო, სადაც ახლა ვართ. არ ვამახვილებ ყურადღებას რეკორდებზე და სტატისტიკაზე, რადგან ამ ტიტულებს სიამოვნებით მივაღწიე, ეს შესანიშნავი გრძნობაა. კოლუმბიამ დღესაც შესანიშნავად ითამაშა და სპორტი, ისევე როგორც ცხოვრება, ასეა მოწყობილი, რომ დაბრუნდება სულ უნდა შეგეძლოს.
მენტალიტეტი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ თუ კარგად ვერ ითამაშებ, ვერ მოიგებ. არსებობს სხვადასხვა გზა: შეგიძლია გააკეთო 50 გადაცემა, რომ მიზნამდე მიხვიდე, ან გააკეთო მხოლოდ ხუთი და მაინც გაიტანო. ფეხბურთი ჭადრაკის თამაშს ჰგავს, ამ თამაშში ფიგურების ცვლილების მცდელობით მეტოქეს საქმეს ურთულებ. კოლუმბიამ კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენ ვიცოდით როგორ უნდა გვეთამაშა მათ წინააღმდეგ.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთის მოედნებზე ჩატარდება და არა ისე, როგორც ეს მოხდა კოპა ამერიკის შემთხვევაში, სადაც მატჩები ჩატარდა ამერიკული ფეხბურთის მოედნებზე. იმედი ვიქონიოთ, რომ პირობები გაუმჯობესდება. - ლიონელ სკალონი - არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი