Belive

ესპანეთის ნაკრები: ყველაფერი, რაც ფურია როხას შესახებ უნდა ვიცოდეთ

3 წლის წინ ფეხბურთი
11 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები "დინამო არენაზე" ესპანეთის ეროვნულ გუნდს, ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს. ვილი სანიოლი თავის ახალ გუნდთან ერთად, სადებიუტო ქულების მოპოვებას ამჯერად "ფურია როხას" წინააღმდეგ შეეცდება. მისია ნამდვილად რთულია, მაგრამ არა შეუსრულებელი, მითუმეტეს, რომ 5 წლის წინ, პირინეელებთან ბოლო შეხვედრისას, მართალია ამხანაგურად, თუმცა მაინც, მეტოქეს - 1:0 ვაჯობეთ. იქამდე, ვიდრე "ჯვაროსნები" წლის მეორე შეხვედრას გამართავენ, შევეცდებით, ჩვენი მომდევნო მეტოქის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

ესპანეთის ნაკრები

დაარსება: 1920 ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია: დაარსდა 1909 წლის 14 ოქტომბერს, თავდაპირველი სახელი - ესპანეთის საფეხბურთო კლუბების ფედერაციას ფიფას წევრი: 1914 უეფას წევრი: 1954 ფიფას რეიტინგი: 6 (2021 წლის 6 თებერვლის მონაცემებით) უმაღლესი რეიტინგი: 1 (2008 წლის ივლისი - 2009 წლის ივნისი, 2009 წლის ოქტომბერი - 2010 წლის მარტი, 2010 წლის ივლისი - 2011 წლის ივლისი, 2011 წლის ოქტომბერი - 2014 წლის ივლისი). ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 25 (1998 წლის მარტი) საშინაო არენა: სხვადასხვა მეტსახელი: ფურია როხა (მებრძოლი ხარები) მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე კაპიტანი: სერხიო რამოსი

სტატისტიკა

პირველი მატჩი: ესპანეთი - დანია 1:0 (1920 წლის 28 აგვისტო, ბრიუსელი, ბელგია) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ესპანეთი - ბულგარეთი 13:0 (1933 წლის 22 აგვისტო, ესპანეთი, მადრიდი) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: ესპანეთი - იტალია 1:7 (1928 წლის 4 ივნისი, ნიდერლანდები, ამსტერდამი), ინგლისი - ესპანეთი 7:1 (1931 წლის 9 დეკემბერი, ინგლისი, ლონდონი) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: სერხიო რამოსი (179) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: დავიდ ვილა (59) მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატზე: 15 (პირველად 1934 წელს, რიგით მეორე მუნდიალზე), საუკეთესო შედეგი - ჩემპიონი 2010 მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე: 11 (პირველად 1964 წელს, რიგით მეორე ტურნირზე), საუკეთესო შედეგი - ჩემპიონი 1964, 2008, 2012 ოლიმპიური მედლები:
  1. 1920, ანტვერპენი - ვერცხლი
  2. 1992, ბარსელონა - ოქრო
  3. 2000, სიდნეი - ვერცხლი

ისტორია

"ჯვაროსნების" შემდეგი მეტოქე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაკრები იქნება, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ 21-ე საუკუნის ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული ეროვნული გუნდი. მსოფლიოს 2010 წლის და ევროპის სამგზის ჩემპიონებს საუკეთესო პერიოდი 2008-12 წლებში ჰქონდათ, როცა ორჯერ კონტინენტის, ერთხელ კი პლანეტის საუკეთესო ნაკრების წოდება მოიპოვეს. ესპანეთის ნაკრები გახდა პირველი ევროპული ნაკრები, რომელმაც ზედიზედ სამი დიდი ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას 1978 წლის შემდეგ, ჩავარდნის გარეშე ახერხებს, საერთო ჯამში კი 21 მუნდიალიდან მონაწილეობა 15-ში მიიღო და იმ 8 ნაკრებიდან ერთ-ერთია, რომელმაც მსოფლიოს პირველობის მოპოვება მოახერხა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, აქ გუნდმა ტიტული სამჯერ მოიპოვა, რაც საუკეთესო შედეგია და ამ მხრივ ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, 15 გათამაშებიდან კი მონაწილეობა ათში მიიღო. ესპანეთის ნაკრების რენესანსი მეტწილად "ბარსელონას" ბავშვთა აკადემიიის აღმავლობას, "ლა მასიას" მიერ გაზრდილ გენიალურ თაობას და  პეპ გვარდიოლას მიერ ფეხბურთში მოხდენილ რევოლუციას უკავშირდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ესპანეთის ნაკრებმა ფიფას წლის საუკეთესო ნაკრების წოდება 2008-დან 2013 წლამდე რამდენჯერმე მოიპოვა და ამ მაჩვენებლით ეროვნულ გუნდებს შორის ისტორიაში მეორე ადგილზე გადავიდა, პირველ პოზიციას აქ ბრაზილიის ნაკრები იკავებს. 2007 წლის თებერვლიდან 2009 წლის ივნისამდე, ესპანეთი დაუმარცხებელი იყო ოფიციალური შეხვედრებში და ეს სარეკორდო მაჩვენებლად მიიჩნევა - ზედიზედ 35 მატჩის განმავლობაში წაუგებლის სტატუსს "ფურია როხა" ბრაზილიასთან ერთად ინაწილებს. ბოლო სამ სანაკრებო ტურნირზე წარუმატებელი თამაშისა და უკანასკნელ მუნდიალზე, მასპინძელ რუსეთის ნაკრებთან მერვედფინალში (პენალტების სერიაში) მარცხის შემდეგ, გუნდში თაობათა ცვლა დაიწყო. ესპანეთის ნაკრებს სათავეში ლუის ენრიკე ჩაუდგა და გაახალგაზრდავების პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. თბილისში, ესპანეთის ნაკრები განახლებული შემადგენლობით ჩამოვიდა.

სათამაშო ფორმა

  • ესპანეთის ნაკრებმა ბოლო 13 შეხვედრიდან გამარჯვება მხოლოდ ხუთში მოიპოვა.
  • უკანასკნელი ხუთი მატჩიდან ესპანეთმა ერთადერთი მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და ერთში დამარცხდა.
  • ესპანეთის ნაკრების ბოლო 9 შეხვედრიდან 6-ში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.
  • ესპანელების ბოლო 11 დაპირისპირებიდან 7-ში გოლის გატანა მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლო.
  • ესპანეთის ნაკრებს ბოლო პერიოდში მეტოქის მოედანზე ჩატარებულ შეხვედრებში გამარჯვება უჭირს. მათ ეს ბოლოს 2019 წლის სექტემბერში გააკეთეს, მას მერე კი 7 გასვლითი მატჩიდან 6 ფრედ დაასრულეს და ერთში დამარცხდნენ.
  • ესპანელების მიერ მეტოქის მოედანზე ჩატარებული ბოლო შვიდ შეხვედრაში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.
  • ესპანეთის ნაკრებმა სტუმრად გამართულ ბოლო შვიდ მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 გაუშვა.
  • ესპანეთის მიერ მეტოქის არენაზე გამართული ბოლო 13 შეხვედრიდან 10-ში გოლის გატანა ორივე მეტოქემ შეძლო.
No description available.

შემადგენლობა

ესპანეთის ნაკრები თბილისს ბოლო მუნდიალის შემდეგ, თითქმის სრულად განსხვავებული შემადგენლობით ეწვია. ლუის ენრიკემ გუნდში ინტეგრირების შესაძლებლობა ახალ სახეებს და ასევე იმ ფეხბურთელებს მისცა, რომლებსაც რამდენიმე წლის წინ არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში, ნაკლები სათამაშო დრო ეძლეოდათ. მიუხედავად ამისა, საქართველოს დედაქალაქში რამდენიმე სუპერვარსკვლავმა უკვე ივარჯიშა, მათ შორის, სერხიო რამოსმა, ჟორდი ალბამ, დავიდ დე ხეამ, ტიაგო ალკანტარამ, სერხიო ბუსკეტსმა და ალვარო მორატამ. იმ ფეხბურთელების სრული ჩამონათვალი, რომელსაც ლუის ენრიკემ 2021 წლის მარტის სანაკრებო პაუზის დროს ეროვნულ გუნდში უხმო, ასე გამოიყურება: მეკარეები: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), უნაი სიმონი (ბილბაოს “ატლეტიკი“), რობერტ სანჩესი (“ბრაიტონი”). მცველები: პედრო პორო (ლისაბონის “სპორტინგი“), ერიკ გარსია (“მანჩესტერ სიტი”), სერხიო რამოსი (მადრიდის “რეალი”), ინიგო მარტინესი (ბილბაოს “ატლეტიკი“), დიეგო ლორენტე (“ლიდს იუნაიტედი”), ჟოზე გაია (“ვალენსია”), ჟორდი ალბა (“ბარსელონა”). ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”), პედრი (“ბარსელონა”), ტიაგო ალკანტარა (“ლივერპული”), სერხიო კანალესი (“ბეტისი”), როდრი (“მანჩესტერ სიტი”), მარკოს ლიორენტე (მადრიდის “ატლეტიკო”), ​კოკე (მადრიდის “ატლეტიკო”), ფაბიან რუისი (“ნაპოლი”). თავდამსხმელები: ალვარო მორატა (ტურინის “იუვენტუსი”), ხერარდ მორენო (“ვილიარეალი”), დანი ოლმო (“ლაიფციგი”), მიკელ ოიარსაბალი (ბილბაოს “ატლეტიკი“), ფერან ტორესი (“მანჩესტერ სიტი”), ბრაიან ხილი (“ეიბარი“). საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს 28 მარტს, თბილისში, “დინამო არენაზე”, მეორე ტურის ეგიდით დაუპირისპირდებიან.

ვარსკვლავი

გუნდის კაპიტანი, სუპერვარსკვლავი და ბოლო წლებში, მთავარი დამრტყმელი ძალაც კი, სერხიო რამოსია. მსოფლიოს საფეხბურთო ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი და საკლუბო თუ სანაკრებო ტიტულებით ხელდამშვენებული ფეხბურთელი 35 წლის ასაკშიც კი ეროვნული გუნდის მაისურის გახდას არ აპირებს. რამოსი, რომელსაც კარიერის განმავლობაში როგორც კლუბში, ისე ნაკრებში თითქმის ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოუგია, "ფურია როხასთან" ერთად 2010 წელს მსოფლიოს, 2008 და 2012 წლებში კი, ორჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა. რამოსს ნაკრებში ყველაზე მეტი - 179 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ამ მაჩვენებლით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მერვე ადგილს იკავებს და მეხუთე ადგილზე გადასვლას 6 გოლი აშორებს. მადრიდის "რეალის" უკანახაზელი და ჩემპიონთა ლიგის 4-გზის გამარჯვებული ფეხბურთელი საქართველოს წინააღმდეგ მოედანზე სამჯერ გავიდა. ოფიციალურ მატჩებში, რომლებიც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გაიმართა, ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა და მისმა გუნდმა ორივე მათგანი გამარჯვებით დაასრულა, 2015 წელს, მადრიდში, “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” გამართულ ამხანაგურ დაპირისპირებაში კი, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 1:0 დასრულდა, ორგზის მსოფლიოსა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონმა ფეხბურთელმა მოედანზე 45 წუთი გაატარა.
No description available.

მწვრთნელი

იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანი, რომელიც კარიერის განმავლობაში როგორც მადრიდის "რეალში", ისე "ბარსელონაში" თამაშობდა, ეროვნულ გუნდს 2018 წლის მუნდიალის შემდეგ ხელმძღვანელობს. ენრიკეს პჯახური პრობლემებისა და 9 წლის ქალიშვილის გარდაცვალების გამო, კარიერაში პაუზის აღება მოუწია და ესპანეთის ნაკრებს ნახევარწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა. 50 წლის სპეციალისტმა ესპანეთს საერთო ჯამში, 15 შეხვედრაში უხელმძღვანელა, აქედან 7 მატჩი გამარჯვებით დაასრულა, 5-ში ფრეს დასჯერდა და სამში დამარცხდა. ლუის ენრიკეს სამშობლოს მთავარ გუნდში მუშაობის განმავლობაში, ესპანეთის ნაკრებმა ისეთი ხმაურიანი გამარჯვებები მოიპოვა, როგორიც მსოფლიოს ვიცე და ექს-ჩემპიონებთან, შესაბამისად ხორვატიის ნაკრებებთან, გამანადგურებელი ანგარიშებით - 6:0 გამარჯვება იყო. ლუის ენრიკემ ასევე მოახერხა და ბოლო მუნდიალის მეოთხეადგილოსან ინგლისის ნაკრებს სტუმრად - 2:1 სძლია. ესპანეთის ნაკრებამდე ენრიკე ვიგოს "სელტასა" და "რომაში" მუშაობდა, თუმცა საუკეთესო პერიოდი "ბარსელონას" უკავშირდება, რომლის მიმდინარე საუკუნის ისტორიაშიც ის მეორე ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია. ლუის ენრიკე პეპ გვარდიოლას შემდეგ, მეორე მწვრთნელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში სულ მცირე 5 ტიტული მოიგო. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტრიო: მესი-სუარესი-ნეიმარი, რომელმაც მსოფლიოში თითქმის ყველაფრის მოგება მოახერხა.
Spain's Real Madrid reliance means nothing to Luis Enrique - AS.com

ურთიერთშეხვედრები

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები გუნდები ერთმანეთს ისტორიაში სულ სამჯერ დაუპირისპირდნენ. ორი შეხვედრა ოფიციალურად, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გაიმართა და ესპანელებმა ორივე მათგანი მოიგეს: თბილისში ("დინამო არენაზე"), მინიმალური სხვაობით - 0:1 და ალბასეტეში ("ესტადიო კარლოს ბელმონტეში") - 0:2, ხოლო 2016 წელს, მადრიდში ("კოლიზეუმ ალფონსო პერესზე") საქართველომ თორნიკე ოქრიაშვილის მიერ მე-40 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის მეშვეობით, მინიმალური სხვაობით - 1:0 იმარჯვა.
Spain 0-1 Georgia: Euro holders crash to humbling defeat - UEFA Euro Photo – 7M Sports Photos
ესპანეთი 0 – 1 საქართველო: ქართველებმა მოქმედი ჩემპიონები დავამარცხეთ – Fanebi.Com – ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა

სხვა სტატიები