Belive

ეს დი მარიას ფინალიც იყო, ნუ დავივიწყებთ

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

რამდენს გაიხსენებთ ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი? დი მარია მათ შორისაა.

სრულიად ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, მედიის, კამერების, ფოტოჟურნალისტების, გულშემატკივრების, ფეხბურთის ღრმად მცოდნეების, მოყვარულების ყურადღება ლიონელ ანდრეს მესისკენ იყო მიპყრობილი. მესიმ, რომელსაც დაჯილდოების დროს მხრებზე შავი ბიშტი მოსავდა, არგენტინას ისტორიაში მესამედ მოუპოვა ოქროს თასი და ყბადაღებულ კამათს წერტილი დაუსვა.

მაგრამ ეს დი მარიას ფინალიც იყო. კაცის, რომელმაც 34 წლის ასაკში, საფეხბურთო კარიერა უმაღლეს საფეხურზე აიყვანა, ფრანგ ფეხბურთელებს თავბრუ რამდენჯერმე დაახვია, დემბელეს პენალტი გამოსტყუა და ლორისის კარიც უზომოდ ოსტატური დარტყმით აიღო. იცოდა, რომ ფრანგი მეკარე ძირს გაწვებოდა და შეუსრულა კიდეც.

1 საათის, 3 წუთისა და 52 წამის შემდეგ, სკამზე გადაინაცვლა და კამერის ობიექტივში არაერთხელ მოხვდა. განიცდიდა, მის ცრემლიც რამდენჯერმე გვაჩვენეს - მოედანზე ყოფნა ალბათ მასზე მეტად არავის სურდა.

დი მარიამ კარგად იცის, თუ რისი გაკეთება შეუძლია ფინალში, დამატებით ტაიმში, გადამწყვეტ მომენტში. ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, სადაც "ატლეტიკოს" რკინა-ბეტონის ფეხბურთელებს შორის 120 წუთის განმავლობაში ნიავივით დაქროდა და ვერც ვერავინ აჩერებდა.

დი მარიას ერთი, გამოკვეთილი პოზიცია არ აქვს. გასული 15 წლის განმავლობაში, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგებზე თამაშობდა. ანჩელოტის ფორმაციის რეალში, მოდრიჩთან და ალონსონსთან ერთად, ნახევარდაცვის ცენტრში მოქმედებდა. გამოკვეთილად ცალფეხაა - ბურთთან შენობით ურთიერთობაში მხოლოდ მარცხენა ფეხით იმყოფება, მაგრამ უნაკლო ფეხბურთელი ხომ მხოლოდ ლიონელ მესია.

არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი უსახურად დაიწყო. საუდის არაბეთთან დი მარია მარჯვენა ფლანგიდან უშედეგოდ უტევდა. ასეთ ფორმაციაში, მასთან ახლოს მდგომ მესის მეტი სათამაშო სივრცე ეძლეოდა, მეტოქის მხრიდან მესიზე პრესინგი კი დი მარიას სივრცეს უთავისუფლებდა, თუმცა სკალონისთვის, პრობლემა მარცხენა შემტევითი ფლანგის სისუსტე გახლდათ და ფინალურ მატჩში დი მარიას პოზიცია სწორედ ამ მიზეზით შეუცვალა და როგორც აღმოჩნდა, სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო.

Screen-Shot-2022-12-18-at-3.36.18-PM-2048x1149-2

სხვა მატჩებისგან განსხვავებით, მესის აკუნიასა თუ ტალიაფიკოს შეტევაში ჩართვის ლოდინი აღარ უწევდა და მის საფირმო, დიაგონალურ გადაცემას, დი მარიას მიმართულებით, უფრო კომფორტულად ასრულებდა.

1 საათის, 3 წუთისა და 52 წამის შემდეგ, დი მარიამ მოედანი დატოვა, რამაც არგენტინის შეტევებს სიმწვავე მნიშვნელოვნად მოაკლო.

დაახლოებით ორი წუთის შემდეგ შემდეგ, იმავე პრობლემის წინაშე მესი აღმოჩნდა. მძიმე პრესინგის პირობებში, მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა, თუმცა აკუნიასთვის პასის მიცემა სარისკო იყო, რადგან მასაც მჭიდროდ მეურვეობდნენ. არსებული მდგომარეობით, კინგსლი კომანმა ეფექტურად ისარგებლა, მესის ბურთი აართვა და სწრაფი შეტევა წამოიწყო, რომელიც კილიან მბაპეს შესანიშნავი დარტყმით დასრულდა.

დი მარიას სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლების გამო, არგენტინა 4-4-2 ტაქტიკაზე გადაეწყო. მესის საფირმო დიაგონალური გადაცემები კი შეწყდა.

მიუხედავად ამისა, შესანიშნავ ასპრეზობასა და ის უდიდეს საფეხბურთო ვნებას, რაც ანხელ დი მარიამ მოედანზე და მის მიღმა აჩვენა, ფუჭად არ ჩაუვლია. მაყურებელმა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და დაძაბული ფინალი იხილა: მესის დუბლი, მბაპეს ჰეთ-თრიქი (რაც ისტორიაში მეორედ დაფიქსირდა) და ემილიანო მარტინესის გაბრწყინება - თამაში, რომელიც არგენტინელებისთვის ნანატრი ტრიუმფით დასრულდა: 36 წლის შემდეგ პირველად, არგენტინის ნაკრები ჩემპიონია!

სხვა სტატიები