Belive

ეროვნული ლიგა: VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
სანაკრებო პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ლიგა წყალტუბოს "სამგურალისა" და "სამტრედიას" მატჩით განახლდა, რომელშიც მათე კვირკვიას მიერ გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა და გია ცეცაძის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა "დინამო თბილისმაც", რომელმაც საშინაო კედლებში, გორის "დილას" - 1:0 აჯობა. გიორგი ნემსაძემ ყოფილი გუნდის დამარცხება ლუკა გაგნიძის მიერ გატანილი გოლით მოახერხა. მეექვსე ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ქუთაისში, "ტორპედომ" ქობულეთის "შუქურასთან" უგოლო მატჩი ჩაატარა. გოლი არც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გასულა, რომელშიც ერთმანეთს "საბურთალო" და "თელავი" დაუპირისპირდნენ. კიდევ ერთი ფრე გორში დაფიქსირდა. თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ბათუმის "დინამო" ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ გატანილი საჯარიმო დარტყმით იგებდა, "ლოკომოტივმა" კი ქულის გადარჩენა გურამ კაშიას თავურით და ახალ კლუბში სადებიუტო გოლით მოახერხა.

მეექვსე ტურის შედეგები

"სამგურალი" - "სამტრედია" - 0:1 "ტორპედო" - "შუქურა" - 0:0 "დინამო ბათუმი" - "ლოკომოტივი" 1:1 "საბურთალო" - "თელავი" - 0:0 "დინამო თბილისი" - "დილა" - 1:0

სატურნირო მდგომარეობა მეექვსე ტურის შემდეგ

მეექვსე ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში უკიდურესი დაძაბულობა და სიმჭიდროვეა: 13 ქულით "დინამო თბილისი" ლიდერობს, მეორე პოზიციას 12 ქულით "დინამო ბათუმი" იკავებს, მესამე საფეხურს კი თბილისის "ლოკომოტივი" და გორის "დილა" 11-11 ქულით ინაწილებენ.
მეექვსე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მეკარე: გოგი კულუა (“სამტრედია”). მცველები: ფაბიან სპორკსლედე, დავით კობოური (ორივე “დინამო თბილისი”), გურამ კაშია ("ლოკომოტივი") კაბა სამბუ (“სამტრედია”), ილია ბერიაშვილი (“თელავი”). ნახევარმცველები: მათე კვირკვია (“სამტრედია”), ლუკა გაგნიძე (“დინამო თბილისი”), ვლადიმერ მამუჩაშვილი (“დინამო ბათუმი”), გიორგი ჯანელიძე ("თელავი"). თავდამსხმელები: ულად ომარ იმრანი (“ლოკომოტივი”). მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე (“დინამო თბილისი”).
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები