Belive

ერიქსონი: გარეთ, გააკეთე ეს ჩემთვის, ბობისთვის და ინგლისისთვის

1 თვის წინ ფეხბურთი
7 წთ

კვირას დიდი ფინალი გველოდება: ინგლისი თავის ისტორიაში პირველი, ხოლო ესპანეთი კი სარეკორდო, ევროპის ჩემპიონის მეოთხე ტიტულისთვის იბრძოლებს. ამ საყოველთაო მოლოდინში დამატებითი შტრიხი დრამამ შემოიტანა: სიმსივნით დაავადებულმა სვენ გორან ერიქსონმა, გარეთ საუთგეიტს ღია წერილი მისწერა და მისთვის, სერ ბობი რობსონისთვის და მთელი ინგლისისთვის გამარჯვება სთხოვა.


ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელობას დიდი წნეხი მოსდევს. რამდენი რამ გვსმენია 1966 წლის შესახებ, თუ რა გააკეთა სერ ალფ რემზის გუნდმა. ამდენწლიანი ტკივილის შემდეგ, ხომ გესმით, თუ რამდენს ელიან.

მე ამას ვგრძნობდი. სერ ბობი რობსონიც გრძნობდა. სერ ალფის შემდეგ, თითოეულმა 13-მა მწვრთნელმა ეს გზა გაიარა. ჩვენს შორის, მიზანს ვერცერთმა მიაღწია, მაგრამ არავინ ყოფილა მასთან ისე ახლოს, როგორც გარეთ საუთგეიტი.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი, 2020-ის ფინალი, 2022-ის მეოთხედფინალი და ახლა, ინგლისი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. უდავოდ, სერ ალფის შემდეგ, ინგლისის ნაკრებს გარეთ საუთგეიტზე კარგი მწვრთნელი არ ჰყოლია. მჯერა, რომ ბერლინში გამარჯვება მას კიდევ უფრო მაღალ საფეხბურზე აიყვანს.

გარეთმა ჩვენს შეცდომებზე ისწავლა - ის გაუმკლავდა პენალტების მენტალურ ბლოკადას და იმაზე შორს წავიდა, ვიდრე ჩვენ.

ახლა კი მას, მის ფეხბურთელებსა და მთელ ერს სჯერა, რომ ინგლისი გაიმარჯვებს. თუკი რაღაც გჯერა, ის აუცილებლად ასრულდება - და ამაში, ფინალში ესპანეთის დამარცხებაც მოიაზრება.

ინგლისის გამარჯვების მნიშვნელობაზე გადაჭარბებით საუბარი შეუძლებელია. მომდევნო თაობები, ბიჭები და გოგონები, ამ თამაშისგან შთაგონებას მიიღებენ. გუნდს აქვს შანსი, აჩვენოს მთელ ქვეყანას, თუ რას წარმოადგენს იგი.

ესპანეთი ძალიან კარგია - შეიძლება, ტურნირის საუკეთესო გუნდიც, მაგრამ ფინალში ამას მნიშვნელობა არ ენიჭება. ინგლისს გამარჯვება შეუძლია.

ჩემს პირველ სვეტში დავწერე, რომ დროთა განმავლობაში, ინგლისს საკუთარი თამაშის ხარისხის გაუმჯობესება შეეძლო და მართალიც აღმოვჩნდი. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ასეთი ცუდი თამაშით შორს ვერ წავიდოდნენ. არადა, გუნდში ამდენი ვარსკვლავი თამაშობს.

ნიდერლანდების წინააღმდეგ, ინგლისი დამშვიდებული თამაშობდა. გამოიღვიძეს და პირველ ტაიმში შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშეს, რაც ამ ტურნირზე პირველად ვიხილეთ. მათ თითქოს საკუთარი ძალა დაგვანახეს.

თუკი წინა ხაზში მოთამაშე ფეხბურთელებს განვიხილავთ - ჰარი კეინს, ფილ ფოდენსა და ბუკაიო საკას - ისინი მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან. ინგლისს კარგი დაცვა ჰყავს - გუნდს 4 გოლი აქვს გაშვებული. შეიძლება იმის თქმა, რომ ინგლისი სრულყოფილი ნაკრებია. 2004-ის ევროპის ჩემპიონატზე, ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა, რომელსაც სიღრმე აკლდა. თუკი რომელიმე ფეხბურთელი გამოგაკლდებოდა, ეს ძალიან მტკივნეულად იგრძნობოდა. ამ შემთხვევაში, ტრავმის გამო ინგლისს ვინმე რომ გამოაკლდეს, ვერაფერს შენიშნავ.

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ პენალტების სერიაში ასე კარგად მოთამაშე ინგლისს მოვესწრებოდი

იმედი მაქვს, რომ საქმე პენალტების სერიამდე არ მოვა და საბოლოო შედეგი ძირითად დროში, ან დამატებით ტაიმებში დაფიქსირდება. ამის მიუხედავად, თუკი პენალტები დაინიშნება, ჩვენ შიში აღარ გვექნება.

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ პენალტების სერიაში ასე კარგად მოთამაშე ინგლისს მოვესწრებოდი. ჩემს დროს, მანამდე და ჩემ მერეც, პენალტები არ გამოგვდიოდა. 2004-ში და 2006-ში, პორტუგალიასთან, ტურნირს პენალტების სერიით გამოვემშვიდობეთ.

თითქოს, თითოეულ ფეხბურთელზე მოქმედებდა ეს წნეხი. ეს ნამდვილი მენტალური ბლოკი იყო.

ჩემი ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა ისაა, რომ ინგლისის ნაკრებში ფსიქოლოგი არ ავიყვანე. ვფიქრობდი, რომ უკვე საკმარისად დიდები ვიყავით იმისთვის, რომ პენალტების წნეხს წარმატებით გავმკლავებოდით.

გარეთი ფეხბურთელების მენტალურ მხარეზე ძალიან კარგად ზრუნავს. ადამიანთა მენეჯმენტის კუთხით, ის შესანიშნავია. თუმცა ფეხბურთი უცნაური რამ გახლავთ - 1 წუთში ან 10 წამში, ყველაფერი იცვლება.

სლოვაკეთთან და ნიდერლანდებთან, ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა. როდესაც ცუდი ხარისხის ფეხბურთს შენზე სუსტ გუნდებთან თამაშობ, კრიტიკა გარდაუვალია. ეს კარგად მესმის. თუკი ყველაფერს გულთან ახლოს მიიტან, შეიშლები.

ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ, გარეთმა თქვა: "ჩვენ, ყველას გვინდა, რომ ვუყვარდეთ". მიიღე ჩემი რჩევა: ფეხბურთში სიყვარული მარადიული არ არის. ის მოდის სწრაფად და მალევე ქრება.

ამას მივყავართ ესპანეთთან. მათი დამარცხება იოლი საქმე არაა. ესპანელების ახალგაზრდა ვარსკვლავს, ლამინ იამალს ვაკვირდები, რომელიც ფინალის წინ, 1 დღით ადრე შესრულდება 17-ის. როდესაც მსოფლიომ უეინ რუნი გაიცნო, ის ჩემს ხელში თამაშობდა. იამალმა 1958 წლის შვედეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი გამახსენა.

ბრაზილიის ნაკრებში ძალიან პატარა ბიჭი, პელე თამაშობდა. ყველამ ვიცით, თუ რა ჩაიდინა მან, თუ როგორ გაიტანა ფინალში 2 გოლი. ასეთი ფეხბურთელები იშვიათად თუ იბადებიან. იამალი ახლა სკოლაში უნდა იყოს. თუმცა ახლა, მის ნაცვლად, ჩვენ ვკითხულობთ მასზე დაწერილ სტატიებს, რაც, სავარაუდოდ, 2042 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე გაგრძელდება.

იამალი უშიშარია, რუნის მსგავსად. ყოველთვის მემახსოვრება ის ღამე, როდესაც უეინს პირველად ვუთხარი, რომ ინგლისის ნაკრებში ითამაშებდა. მან მიპასუხა: OK. არანაირი გაოცება და "ვაუ". ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო.

ფინალის მოლოდინი ჩვეულებრივი ამბავი არ გახლავთ. გარეთ საუთგეიტს, მის სტაფსა და ფეხბურთელებს, მომდევნო დღეები მარადისობად მოეჩვენებათ. გარედან დიდი ხმაური ისმის, მაგრამ ფინალს ისე უნდა მიუდგეთ, როგორც, უბრალოდ, ერთ მორიგ მატჩს. სიმშვიდის შენარჩუნება უნდა სცადოთ და ეს გარეთმა კარგად იცის. ოთხშაბათს, გამარჯვების გოლამდე, საუთგეიტს აღელვება არ ეტყობოდა.

ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელიც ინგლისმა ჩემს პერიოდში მოიპოვა, 2001 წელს, მიუნხენში გერმანიის დამარცხება (1:5) გახლდათ. რომ წაგვეგო, ძალიან დიდი წნეხი წამოვიდოდა ჩვენზე, მაგრამ ამ მატჩისთვის, განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვართ. ვითამაშეთ 4-4-2 ფორმაციით და 1:5 გავიმარჯვეთ.

თუკი კვირას ინგლისი გაიმარჯვებს, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და დიდი არაფერი იქნება. გახსნილ თამაშს ველოდები და ვფიქრობ, რომ ინგლისს ძალიან, ძალიან დიდი შანსი აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ გასული კვირების განმავლობაში თავს კარგად არ ვგრძნობდი, მატჩს სახლიდან ვუყურებ.

ძალიან მინდა, რომ ინგლისმა გაიმარჯვოს. ზუსტად იმავეს იგრძნობდა თითოეული მწვრთნელი, რომელმაც 1966 წლის შემდეგ, ინგლისის ნაკრები ჩაიბარა. მიდი გარეთ, გააკეთე ის, რაც ჩვენ ვერ შევძელით.

სხვა სტატიები