Belive

ერიკ კანტონა - რა არის ცხოვრების არსი?

4 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
ფეხბურთი თქვენს ცხოვრებას არსს სძენს. ამაში დარწმუნებული ვარ. თუმცა ასევე, თქვენი სიცოცხლე და თქვენი არსებობა, ფეხბურთს არსს სძენს. ახლა მინდა ვილაპარაკო საკითხებზე, რომლებზეც თითქმის არასოდეს ვლაპარაკობ. მინდა მოგიყვეთ ისტორია, რომელმაც განაპირობა ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებას შეადგენს. ეს ჩემს დაბადებამდე მოხდა.

კანტონას წინაპრების ისტორია

მოდი დავბრუნდეთ 1939 წელში, როდესაც ესპანეთში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ჩემი ბაბუა, დედის მხრიდან, ბარსელონაში იყო დაბადებული და დიქტატორი ფრანკოს წინააღმდეგ იბრძოდა. ომის დამთავრებამდე, მას მთავრობა დევნიდა და ნაციონალისტ ჯარისკაცებს სულ რამდენიმე წუთით გაასწრო. მას პირენეის მთების გადალახვა და საფრანგეთში ჩასვლა ფეხით მოუწია. დამშვიდობებისთვის დროც კი არ ჰქონია. ეს დასასრული იყო. სიცოცლე ან სიკვდილი. ესპანეთიდან წამოსვლამდე, ჩემი ბაბუა მივიდა გოგოსთან, რომელიც უყვარდა. ჰკითხა: "მზად ხარ, გამომყვე?" ბაბუა 28 წლის იყო, ის კი 18-ის. თუ გაჰყვებოდა, მას მოუწევდა ოჯახის, მეგობრებისა და ყველაფრის დატოვება. თუმცა მან უპასუხა, "კი, რა თქმა უნდა." ის გოგო ჩემი ბებია იყო. ისინი საფრანგეთის ერთ-ერთი კომუნას, არჟელეს-სურ-მერის დევნილთა ბანაკში ჩავიდნენ, სადაც 100,000 ესპანელი აფარებდა თავს. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, საფრანგეთს მათ მიღებაზე უარი რომ ეთქვა. თუმცა ფრანგებმა დიდი ჰუმანურობა გამოიჩინეს და ესპანელები მიიღეს. ჩემს ბებიასა და ბაბუას ცხოვრების ახლიდან დაწყება მოუწიათ. ცოტა ხნის შემდეგ, მათ სენტ-ეტიენის მახლობლად, კაშხლის მშენებლობაზე მუშაობა მოუწიათ. ეს არის იმიგრანტების ცხოვრება. მიდიხარ იქ, სადაც წასვლა გევალება. აკეთებ იმას, რისი კეთებაც გევალება. დედაჩემი რამდენიმე წლის შემდეგ დაიბადა, ოჯახი კი საცხოვრებლად მარსელში გადავიდა.

წარსული, აწმყო და მომავალი

დიდი ხნის განმავლობაში, ამ ისტორიის ამსახველი ფოტომასალა არ არსებობდა. სრულიად მოულოდნელად, 2007 წელს, მექსიკაში ფოტოგრაფ რობერტ კაპას მიერ გადაღებული 4,500 ფოტო იპოვეს, რომელიც ესპანეთის სამოქალაქო ომს ასახავდა. ფოტოები, რომელიც 60 წლის განმავლობაში დაკარგული იყო - არავინ იცის, როგორც მოხვდნენ ისინი მექსიკაში. ამ ფოტოების ნახვა უზომოდ მინდოდა. ჩემს ცოლთან ერთად, ნიუ-იორკში წავედი და გამოფენას დავესწარი. ფოტოების უმრავლესობა პატარა ზომის ნეგატივები იყო (ნეგატივი: კინო ან ფოტო ფირზე გადაღებული საგნის უკუღმა გამოსახულება). ათასობით მათგანს გამადიდებელი შუშით ვათვალიერებდი და სწორედ ამ დროს, ბაბუაჩემი დავინახე. თითქოს, შანსი არ მქონდა, ასეა, არა? თუმცა ის იქ იდგა, ახალგაზრდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის იყო. თუმცა იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი, გამოფენაზე, რომელიც შემდეგ საფრანგეთში გადმოიტანეს, დედაჩემი წავიყვანე. ვკითხე: "ის არის?" დედაჩემმა მიპასუხა: "კი, ფოტო იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც მთაზე ფეხით ადიოდნენ." საოცარი მომენტი იყო. წარმოიდგინეთ, ბაბუაჩემს რაიმე არ გამოსვლოდა, ან ბებია ვერ დაეთანხმებინა. დედაჩემი არ იარსებებდა. და ალბათ, მეც არ ვიარსებებდი. თუმცა ეს ყველაფერი არაა, ეს ჩემი ისტორიის მხოლოდ 50%-ია.

ქვაბულიდან სახლში

მამის მხრიდან, ჩემი დიდი ბებია და ბაბუა ასევე იმიგრანტები იყვნენ. ისინი საფრანგეთში სარდინიადან 1911 წელს, სიღარიბის გამო ჩავიდნენ. 3 წლის შემდეგ, ჩემი დიდი ბაბუა პირველ მსოფლიო ომში წაიყვანეს, სადაც გაზით მოიწამლა და სიცოცხლის ბოლომდე სუნთქვა უჭირდა. მისი შვილი, ჩემი ბაბუა, მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ომის შემდეგ, მშენებელი გახდა და იმდენი ფულის დაგროვება შეძლო, რომ მარსელში, შემაღლებულ ადგილას, მიწის ყიდვა შეძლო. ამ დროს მამაჩემი თინეიჯერი იყო. სანამ ბაბუა სახლს ააშენებდა, სადღაც ხომ უნდა ეცხოვრათ? მიწის ნაკვეთი პატარა ქვაბულსაც მოიცავდა, მთელი ოჯახი კი 2 წლის განმავლობაში სწორედ ამ ქვაბულში ცხოვრობდა. დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ არსებობს 1956 წელს გადაღებული ფოტო, სადაც ჩემი მამა და მისი მშობლები ქვაბულში არიან და გასათბობად ყველაფერი აქვთ მოხურებული. დროთა განმავლობაში, ბაბუამ სახლის აშენება შეძლო. მე სწორედ აქ გავიზარდე. მძიმე შრომა მემკვიდრეობით მეც მერგო: აღმართზე 10 ცალ ქვიშით სავსე ტომარას ვეზიდებოდი და სწორედ ამის შემდეგ მეძლეოდა უფლება, მეთამაშა ფეხბურთი. ეს ჩემი ოჯახი და ჩემი ისტორიაა. ესაა ჩემი სული. გასულ წელს, სარდინიაში ნაკვეთი შევიძინე, რათა ჩემი ოჯახის ისტორიასთან მეტი კავშირი მქონდეს. მარსელი ყოველთვის მეყვარება, იმიტომ რომ სწორედ ამ მოგონებებმა შემქმნეს, მარსელი ყოველთვის ჩემი ქალაქი იქნება. ხალხი მეკითხება: "რატომ თამაშობდი ფეხბურთს ასეთი სტილით?" ჩემი პასუხი ასეთია: ფეხბურთი ცხოვრებას აზრს სძენს და პირიქით, ცხოვრება სძენს არსს ფეხბურთს. ჩემს პირად ისტორიებს თითქმის არასოდეს ვყვები, რადგან ძალიან მიმძიმს. ახლა ამ ამბებს იმიტომ გიზიარებთ, რომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს.

პრობლემები, ფეხბურთი და თავისუფლება

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელიც სიღარიბესთან, ომთან და იმიგრაციასთან პირდაპირ კავშირშია. არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ფეხბურთის ბურთის ყიდვა არ შეუძლია. ისინი უფრო მეტნი არიან, ვიდრე ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსები, დაესწრონ საფეხბურთო მატჩს ან ფეხბურთის საყურებლად ტელევიზორი შეიძინონ. ღარიბ დასახლებებს ფეხბურთი სჭირდებათ, ისევე როგორც ფეხბურთს სჭირდება ღარიბი დასახლებები. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ამ იდეას და მზად ვარ, ამისთვის ყველაფერი გავაკეთო. სწორედ ამიტომ შევუერთდი Common Goal-ის მოძრაობას, რომლის მისიაა, ფეხბურთის განვითარებისთვის, მეტი ფინანსური რესურსების მობილიზება. მიხარია, რომ ამ მოძრაობას როგორც ცნობილი, ასევე არაცნობილი ფეხბურთელები, მწვრთნელები, კაცები და ქალები შეუერთდნენ. ფეხბურთი ადამიანებისთვის უნდა არსებობდეს. ეს არ არის უტოპია. ჩვენ, ყველას, მდიდრებსა და ღარიბებს, იმიგრანტებსა და მეათე თაობის ადგილობრივ მკვიდრებს, ფეხბურთი ერთნაირ სიამოვნებას გვანიჭებს. ჩვენ საერთო ენაზე ვსაუბრობთ და საერთო ემოცია გვაერთიანებს. ჩემს კარიერაზე ხშირად მეკითხებიან - რა იყო წარმატების საიდუმლო. პასუხი მარტივია: სერ ალექს ფერგიუსონი იყო თავისი საქმის ოსტატი, საათობრივ შრომას მოედანზე ჩვენი თავისუფლება მოსდევდა. მოედანზე ჩვენ ტოტალურ თავისუფლებას ვგრძნობდით, შეგვეძლო გაგვეკეთებინა ის, რაც გვსურდა. სხვანაირად, ფეხბურთს ვერც აღვიქვამ. რა არის ფეხბურთი თავისუფლების გარეშე?
გთხოვთ, დაუსვით ეს კითხვა თითოეულ ადამიანს, რომელიც ფეხბურთს ქმნის - ფეხბურთელებს, აგენტებს, სპონსორებსა და კომიტეტებს... რა არის ფეხბურთი თუ არა თავისუფლება? რა არის სიცოცხლე თუ არა თავისუფლება? რა არის ცხოვრების არსი? ჩემი აზრით, ყველა ვთანხმდებით, რომ კაცობრიობისთვის მეტის გაკეთება შეგვიძლია. ახლა კი, თქვენ იცით ჩემი განვლილი ისტორია. ჩემი ოჯახი სავსე იყო იმიგრანტებით, მეამბოხეებითა და მშრომელებით. პატარაობისას, ბევრი არაფერი გვებადა, მაგრამ ცხოვრების ჭეშმარიტება მცირე მომენტებში ექსტაზის პოვნაა. პიკნიკზე გასვლა ოჯახთან ერთად. 3 წყვილი წინდით გაკეთებული ფეხბურთი, რომელიც ფეხსაცმლის ზონარით იყო შეკრული. ფეხბურთს მზიან ამინდში ვთამაშობდით, ბალახზე ვიწექით. გვაოცებდა ყველაფერი და თან, არაფერი. იცით რა გავაკეთე მაშინ, როდესაც საფეხბურთო კარიერას თავი 30 წლის ასაკში დავანებე? ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. საცხოვრებლად წავედი ქალაქში, რომლის დატოვებაც, ჩემს ბებიასა და ბაბუას მოუწიათ. მე საცხოვრებლად ბარსელონაში წავედი.

ასევე იხილეთ: ერიკ კანტონას უცნაური გამოსვლა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე (ვიდეო)

სხვა სტატიები