საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნასიონალის" ფეხბურთელს, გიორგი არაბიძეს Live.Ge პორტუგალიაში დაუკავშირდა.
შეგახსენებთ, რომ არაბიძემ "შახტარი" 2018 წლის ზაფხულში დატოვა და სწორედ "ნასიონალში" გადავიდა.
- პირველ რიგში, რის გამო გადაწყვიტე "შახტარის" დატოვება?
- მთავარი მიზეზი სათამაშო დროის ნაკლებობა იყო. უკრაინულ გუნდში შანსი ნაკლებად მეძლეოდა და "ნასიონალში" სწორედ ამიტომ გადავედი.
- საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ხარ თუ არა "ნასიონალში" ტრანსფერით?
- ჯერ-ჯერობით საქმე ისე არ მიდის, როგორც მინდოდა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი შეიცვლება.
- გუნდის რამდენიმე მატჩში განაცხადს მიღმა დარჩი, დეკემბერში მიღებული ტრავმა გაგიმიზეზდა თუ მწვრთნელმა გადაწყვიტა ასე?
- დავშავდი, მაგრამ ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა. ჩემს უთამაშებლობას მწვრთნელი წყვეტს.
- "ტონდელასთან" სათასო მატჩში გატანილი გოლის შემდეგ მწვრთნელთან პირადად ისაუბრე?
- არა, მწვრთნელთან არ მისაუბრია.
- ადაპტაცია როგორ გაიარე გუნდში?
- გუნდს ძალიან კარგად მოვერგე, რაც თანაგუნდელების დიდი დამსახურებაა.
- ვლადიმერ ვაისსთან კონფლიქტის შემდეგ, ბევრი ქართველი ქომაგი გაკრიტიკებდა. რას ფიქრობ, დაიმსახურე მათგან უარყოფითი შეფასება?
- სამწუხაროა, მაგრამ ხალხი მხოლოდ იმას ხედავს, რაც მათ უნდათ. კრიტიკა არ დამიმსახურებია და ამას აუცილებლად დავამტკიცებ.
- ბოლოს როდის ისაუბრე ვაისსთან? აპირებს სლოვაკი მარტში შენს გამოძახებას?
- ნაკრების მწვრთნელთან დიდი ხანია არ მილაპარაკია და არც ის ვიცი, აპირებს თუ არა ჩემს გამოძახებას.
- კონფლიქტის შემდეგ თქვი, რომ საქართველოში ბევრი ფეხბურთელი იჩაგრებოდა. კვლავ ამ აზრზე ხარ?
- ამის შემდეგ დიდი ხანი გავიდა და არ მინდა, რომ იგივეზე ვილაპარაკო.
- და ბოლოს, იანვარში კონკრეტული შემოთავაზებები თუ იყო?
- იყო გარკვეული ინტერესი, თუმცა "ნასიონალმა" ტრანსფერი არ ისურვა.
Live.Ge წარმატებას უსურვებს გიორგი არაბიძეს.