ეპოქის დასასრული - მესიმ ბარსელონა დატოვა!
გავლენიანი ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესიმ "ბარსელონა" დატოვა. არაერთი წყაროს მტკიცებით, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. თავდაპირველი ცნობების თანახმად, მესის წარმომადგენელსა და "ბარსელონას" შორის დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. არგენტინელ სუპერვარსკვლავს კატალონიური გრანდის გაძლიერება და გუნდში ახალი ვარსკვლავების ხილვა სურდა, მაგრამ "ბლაუგრანას" მესვეურებმა ტოპ-ტრანსფერების განხორციელება ვერ შეძლეს. მესის გუნდიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ლა ლიგის რეგულაციებიც სახელდება. კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში, "ბარსელონა" ლა ლიგის ეკონომიკურ და ფინანსურ რეგულაციებს დაარღვევდა. ლეო მესის გუნდიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ბარსელონა" ადასტურებს. კატალონიური გრანდის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე მოხსენება გამოქვეყნდა.
LATEST NEWS | Leo #Messi will not continue with FC Barcelona — FC Barcelona (@FCBarcelona) August 5, 2021