Belive

ტირანას მწვრთნელი: "თბილისში მხოლოდ სათამაშოდ არ ჩამოვსულვართ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ვიბრძოლებთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ალბანური "ტირანას" მთავარი მწვრთნელის, ემანუელ ეგბოს პრესკონფერენცია შედგა. "იქიდან გამომდინარე, რომ დინამო სახლში თამაშობს, ვფიქრობ, ეს მათთვის ოდნავი უპირატესობა იქნება. საორგანიზაციო კუთხე ჩვენ  უფრო მეტად და რთულად შეგვეხო, რადგან სტუმრად თამაში გვიწევს და მოსაგვარებელი ბევრი საკითხია. ამ ყველაფრის მიუხედავად, შევეცდებით თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ. ჩვენი კლუბის პრეზიდენტის სიტყვები არასწორად იქნა გაგებული. მან იგულისხმა, რომ ის ჯგუფი და ბადე, რომელშიც მოვხვდით, საკმაოდ რთული მეტოქეებით იყო დაკომპლექტებული. აქ ისეთი გამოცდილი გუნდები იყვნენ, როგორებიც თელ-ავივის "მაკაბი", "ყარაბახი" და "ასტანა" არიან, "დინამო" კი სათამაშო ხარისხით ჩვენი დონის გუნდია. საქართველოში 17-წლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი და შემიძლია ვთქვა, რომ არამარტო საფეხბურთო კუთხით, მთლიანად ქალაქი და ქვეყანა საგრძნობლად არის განვითარებული. მოხარული ვარ, რომ თბილისი ასე დადებითად შეცვლილი დამხვდა. "დინამო" საინტერესო და ბრძოლისუნარიანი გუნდია. შანსები 50/50-ზეა. აქ უბრალოდ ფეხბურთის სათამაშოდ არ ჩამოსვულვართ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს. ისე, საინტერესო დამთხვევაა, რომ 17 წლის წინაც, "დინამოს" ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში მოუწია. თუმცა, მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და შეხვედრისთვის სრულფასოვნად უნდა მოვემზადოთ. კორონავირუსის პანდემია არამხოლოდ ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის რთული იყო, განსაკუთრებით აღდგენითი პროცესი, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური მხრივ. თუმცა, ფორმაში შევედით და ჩემპიონებიც გავხდით. მართალია, "დინამო" ჩემპიონატში ახლაც გამოდის, თუმცა დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ჩვენ ტიტულის მოგება ვიზეიმეთ. ასე რომ, შანსი ორივე გუნდს ექნება, ჩვენ კი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ". - თქვა ნიგერიელმა სპეციალისტმა. "დინამო" - "ტირანას" მატჩი 19 აგვისტოს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები